საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანია შპს ილი ჯგუფი მილიონობით ლარის სახელმწიფო ტენდერებს იგებს. 14 დეკემბერს ზურაბიშვილს თანხა შეწირეს დათო გაგუამ, ლაშა უღრელიძემ და იაშა ჩაჩუამ მათმა კომპანიამ კი 11-13 დეკემბერს სოციალურად დაუცველების გამოსაკვებად გამოცხადებული რამდენიმე მილიონის ღირებულების ტენდერები მოიგო.

კომპანიამ, რომლის მფლობელებმაც ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შეწირეს, თანხის გადარიცხავამდე ჯამში 7 033 514 ლარის მოცულობის სამი ტენდერი აქვს მოგებული. ყველა შემთხვევაში თბილისის გამგეობების მიერ დათვლილი ხარჯები და შპს ილი ჯგუფის მიერ შეთავაზებული თანხა თეთრების სიზუსტით ემთხვევა. კომპანიას ამ ტენდერებში კონკურენტი არ გამოუჩნდა.

შპს ილი ჯგუფი გასულ წლებშიც მონაწილეობდა რამდენიმე მილიონიან ტენდერებში. მაშინაც იგებდა, თუმცა, რიგ შემთხვევაში, ჰყავდა კონკურენტები და ფასის დაკლება რამდენიმე ათეული ათასით უწევდა. მაგალითად, 2015 წელს ნაძალადევის გამგეობამ ტენდერი 6 748 750 ლარად გამოაცხადა, შპს ილი ჯგუფს კი კონკურენტის გამო ფასის 242 ათასი ლარით დაკლება მოუწია.

კომპანია ილი ჯგუფის დირექტორი და მეწილე, იაშა ჩაჩუა On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ამ სფეროში ერთწლიან პროექტებში კონკურენტი ვერ გამოუჩნდება, რადგან მასშტაბური საქმეა გასაკეთებელი. ის ტენდერებში გამარჯვებასა და ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის დაფინანსებას შორის კავშირს უარყოფს.

"ზოგს ვიგებ და ზოგს ვაგებ, რატომ აბამთ კუდებს?.. ისეთ რაღაცას მეუბნებით, ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. მე როგორ ვმუშაობ მთელი ამ ათი წლის მანძილზე და რა პროცედურები მაქვს გავლილი რომ იცოდეთ, თქვენ მასე არ დამელაპარაკებოდით", — აღნიშნა ჩაჩუამ.

ის გამოცხადებულ სატენდერო ღირებულებასა და მათ მიერ გაანგარიშებულ თანხებს შორის დამთხვევას ასე ხსნის:

"ორჯერ ორი რომ ოთხია, მთელ მსოფლიოში ასეა... ბევრი მაქვს წაგებული და ბევრი მოგებული; ყველაფერს რომ ვიგებდე, ღმერთი ვიქნებოდი. სხვა რამე [კავშირი] რომ არსებობდეს, სამი შვილი მყავს იმას დავიფიცებ", — ამბობს ის.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვების შემდეგ შემოწირულობის სახით 2 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ილი ჯგუფის დამფუძნებელები იმ 15 კაცს შორის არიან, ვინც ზურაბიშვილს 60-60 ათასი ლარი შეწირეს.