რეიჩელ ურეცკი-პრატი აშშ-ში, კენევიკში დაწყებითი სკოლის მასწავლებელია. სადღესასწაულო პერიოდში მას მოსწავლეები ხშირად ჩუქნიან პატარა საჩუქრებს: შოკოლადებს, წერილებს, ყვავილებს, თუმცა ერთ-ერთი საჩუქარი იმდენად გამოირჩეოდა სხვებისგან, რომ მაშინვე მიიპყრო მთელი ინტერნეტის ყურადღება.

საჩუქრის ავტორს სინამდვილეში არც არაფერი ჰქონდა, რომ მასწავლებლისთვის ეჩუქებინა.

"ჩვენს სკოლაში ასეთი ტრადიციაა. მასწავლებლები ბავშვებს წიგნებს თუ სათამაშოებს ჩუქნიან და ხანდახან, მათგანაც იღებენ წვრილმანებს. დღეს შოკოლადები და ღია ბარათები მაჩუქეს, თუმცა ეს ზეფირების შეკვრა მაინც გამორჩეული იყო", - წერს მასწავლებელი.

ამ სკოლაში ყველა ბავშვი უფასოდ საუზმობს სკოლის დღეებში. საჩუქრის ავტორს უნდოდა, მასწავლებელი რამით დაესაჩუქრებინა, მაგრამ არაფერი ჰქონდა.

ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ხელი ჩაექნია, ბავშვმა საკუთარი საუზმის ულუფიდან ზეფირები გამოარჩია, ცალკე შეფუთა და მასწავლებელს აჩუქა. ყველამ იცის, რომ ზეფირები გამზადებული საუზმეების საუკეთესო ნაწილია.

24 წლის რეიჩელი, რომელიც მეორე წელია, ბავშვებს ასწავლის, საჩუქარმა და მისი ავტორის გულუხვობამ გააოგნა.

"ბავშვები ასეთი კეთილები და მოსიყვარულეები არიან. უბრალოდ, მერე სამყარო გვაიძულებს, შევიცვალოთ. ყოველთვის მადლობელი იყავით იმის, რაც გაქვთ და იმის, რასაც სხვები გაძლევენ. როგორც წესი, ეს საჩუქრები ყველაზე გულწრფელია".