ვიცე-პრემიერი კახი კალაძე დემურ სტურუას თვითმკვლელობას ეხმიანება. მისი თქმით, ოჯახის მოთხოვნა სტურუას წერილში ნახსენები პოლიციელის მყისიერი დაკავების შესახებ ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან ეს გამოძიებას უნდა დაედგინა. კალაძემ აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"მე როგორც ვიცი, გამოძიება მაშინვე დაიწყო, როდესაც ეს მძიმე ფაქტი მოხდა. შესაბამისად, ჩატარდა გარკვეული გამოკვლევები. პროკურატურამ გასცა ბრძანება დაკავებასთან დაკავშირებით. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ვერ დაგეთანხმებით, რომ, როდესაც ოჯახის წარმომადგენლები ხელს ადებდნენ ამ პოლიციელს უნდა მომხდარიყო მაშინვე დაკავება. ყველაფერს აქვს თავისი წესი, თავისი კანონი და შესაბამისად შესაბამისმა სამსახურებმაც ისარგებლეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით".

22 წლის დემურ სტურუამ 8 აგვისტოს თავი მოიკლა. სტურუამ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში აღწერა, თუ როგორ აიძულებდა პოლიციელი თანასოფლელებზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოგროვებას მარიხუანის შესახებ.

29 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პოლიციის თანამშრომელს ბრალი წაუყენა. საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდებული პოლიციელი მიმალვაშია.