არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრია

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან, გარდაცვალებიდან 26 დღეში, 20 მარტს გადმოასვენეს. ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების მოთხოვნით, მოკლულის ნათესავებმა აქცია გამართეს. მათ პროტესტის ნიშნად ქვეყნის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს.

ოსური მხარის ვერსიით, მან იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები შეაფასეს, როგორც "სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი". ამასთან ექსპერტიზით გაირკვა ისიც, რომ საქართველოში გადმოსვენების შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის გვამს შინაგანი ორგანოები, მათ შორის გული და, ასევე, თავის ტვინი ამოცლილი ჰქონდა.

ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება წამების კვალიფიკაციით შეცვალა. საქართველოს პარლამენტში მომზადდა რეზოლუცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ. რეზოლუციაში შეტანილი იყო იმ ადამიანების გვარები, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები უხეშად დაარღვიეს.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივით დაკრძალეს.

ქალები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

ფოტო: Getty Images

2018 წელს საქართველოში პირველად ქალები სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ. ქალთა მოძრაობამ ომბუდსმენის მიერ წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა. ქალები ამტკიცებდნენ, რომ დევდარიანი სექსუალური ხასიათის წერილებს მათ ინტენსიურად წერდა.

დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა, თუმცა ბრალდებებზე საპასუხოდ თქვა, რომ სამართლებრივი გზებით დავისთვის მზად იყო. მოგვიანებით სახალხო დამცველმაც დაადასტურა, რომ ქალების მონაყოლი შეიცავდა სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს, ხოლო სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დაადგინა.

ზვიად დევდარიანის შემდეგ სექსუალურ შევიწროებაში საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე დაადანაშაულეს. მან მოგვიანებით თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ შანტაჟის, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობისთვის საჩივრით სასამართლოს მიმართავდა.

ტრაგედია ტყიბულის შახტში

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

აპრილში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, 6 მუშა დაიღუპა და 3 დაშავდა. ივლისში კიდევ 4 მუშა დაიღუპა, 6 — დაშავდა. მეშახტეების დაღუპვის გამო პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ 16 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა. ასევე, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დაილუქა.

აგვისტოში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტყიბულის შახტის 6 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ისინი დეკემბერში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დამოუკიდებელი პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ივანიშვილის დაბრუნება და კვირიკაშვილის წასვლა

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

5-წლიანი პაუზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ისევ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეა. პარტიის ყრილობისას მან განაცხადა, რომ დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი "ხელისუფლებაში არსებული ქვეყნის ინტერესების დამაზიანებებელი გარემოებები" იყო.

ივანიშვილი პოლიტიკიდან 2013 წელს წავიდა. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. მაშინ ივანიშვილმა პოსტის დატოვებას, არა პოლიტიკიდან წასვლა, არამედ უფრო რთულ და საზოგადოებისთვის საჭირო ადგილას გადასვლა უწოდა. ის ამბობდა, რომ სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას უბრუნდებოდა, სადაც მინიმუმ 20 წლის განმავლობაში აპირებდა დარჩენას.

დაბრუნებისთანავე ივანიშვილმა გუნდში რეორგანიზაცია დაიწყო. თანამდებობა დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, გუნდთან რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობა ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილმა მოგვიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კვირიკაშვილი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო დაისაჯა, რისი შედეგიც ქვეყნის სიღარიბე და ჭარბვალიანობა იყო.

თამბაქოს მოხმარების კონტროლი

ფოტო: Getty Images

პირველი მაისიდან საქართველოში, თითქმის, ყველა დაწესებულებაში მოწევა აიკრძალა. რეგულაცია თანაბრად შეეხო მწეველებსაც და არამწეველებსაც. შეზღუდვები დაწესდა რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და კლუბებში. შენობა-ნაგებობასა და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება.

სპეცოპერაცია ბასიანსა და კაფე გალერიში

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

11 მაისს გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა. რამდენიმე საათში პოლიცია ბასიანში, კაფე გალერისა და ბლოუ-ბარში შევიდა, კლუბის სტუმრები გარეთ გაიყვანა და შენობების ჩხრეკა დაიწყო.

ბასიანთან და გალერისთან პოლიციელებს, სპეცრაზმელებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართადამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 50-მდე პირი დააკავეს. პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გასაპროტესტებლად თბილისის პარლამენტის შენობის წინ ორი დღის განმავლობაში აქცია #ჩვენითავისუფლებისთვის იმართებოდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის განსხვავებულ ფორმას, ცეკვას მიმართეს. პარალელურად, ნეონაცისტური დაჯგუფებები კონტრაქციას მართავდნენ და პარლამენტის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს ემუქრებოდნენ.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა და ნარკოპოლიტიკაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის პირობა დადო. სამუშაო ჯგუფს ამ დრომდე არ დაუწყია ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენაზეა გაჩერებული.

განაჩენი ხორავას ქუჩის საქმეზე

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თქვა, რომ ორი ბრალდებულიდან არცერთს არ მოუკლავს მოზარდი დავით სარალიძე. ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდი დამნაშავედ მხოლოდ სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ცნეს.

თბილისის ცენტრში სკოლიდან გამოსული ორი მოსწავლე თანატოლებმა გასული წლის პირველ დეკემბერს მოკლეს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მკვლელობიდან 6 თვის თავზე, მოკლული მოზარდის მამა პასუხებს ითხოვდა. შვილის მკვლელის გარეშე დარჩენილი მამა სხვადასხვა მოთხოვნებს აჟღერებდა, ხან მთავარი პროკურორის, ხან კი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. სარალიძის აქციას მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა, შემდეგ კი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოჰყვა. ზაზა სარალიძის პროცესი დღემდე გრძელდება, მას თბილისის პარლამენტის შენობის წინ პროტესტის ნიშნად კარვები აქვს გაშლილი.

მარიხუანის მოხმარებისლეგალიზაცია

ფოტო: Jiri Hera / Shutterstock

2018 წელს საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარტია გირჩის წევრების სარჩელის შემდეგ მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი კანონპროექტი მოამზადა, ერთი მარიხუანის მოხმარების რეგულაციას, ხოლო მეორე კანაფისგან დამზადებული მედიკამენტების ექსპორტზე გატანას უკავშირდებოდა. უწყების პოზიციით, მარიხუანის მოხმარება უნდა დარეგულირებულიყო. პარლამენტმა მარიხუანის კონტროლის კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონი უკან გაიწვიეს. ამის მიზეზი ეკლესიისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გახდა.

მიუხედავად მოხმარების რეგულირებისა, კანაფის შეძენა-შენახვა-კულტივაცია და რეალიზაცია კვლავ დასჯადია. ამის გასაპროტესტებლად პარტია გირჩმა მარიხუანის ლეგალიზების ფესტივალი დაგეგმა. ფესტივალის ჩატარების ადგილი, დედაენის ბაღი პოლიციელების კორდონით შემოისაზღვრა. იქ მისულ აქტივისტებს დაგეგმილი აქტივობების ჩატარების საშუალება არ მიეცათ. მიუხედავად ამისა, 4:20 საათზე გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ კანონი ღიად დაარღვია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ნიშნად სტუმრებს "ჯოინთები" დაურიგა. ზურა ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და იმავე დღეს გაუშვეს.

ომეგას ჯგუფის საქმე

ფოტო: ომეგა ჯგუფი

რამდენიმე თვის წინ შემოსავლების სამსახურმა ომეგა ჯგუფს ინკასო დაადო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს ოჯთ-ის საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხებოდა 51 717 000 ლარი. მათი განმარტებით, დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენდა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.

უწყებაში ამბობდნენ, რომ კომპანიას ვალის გადახდის გრაფიკი ორჯერ შეუდგინეს, მაგრამ შეთანხმების დარღვევის გამო ორივე გაუქმდა. ტელეკომპანია იბერიაში, რომელიც ომეგა ჯგუფის შემადგენლობაში შედის, აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება მედიას შემოსავლის წყაროს უზღუდავდა.

10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა და სანაცვლოდ, ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.

მოგვიანებით, რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბიზნესის სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ომეგა ჯგუფის საქმეზე მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტური არაა და დამონტაჟებულია. აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ 12 სექტემბერს დაიწყო გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

"სუბელიანის ჩანაწერები"

ფოტო: პირველი არხი

ოქტომბერში ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის საუბარია ასახული. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან ქართული ოცნების დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დათო ცუხიშვილი. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.

ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ყვება, რომ ქართული ოცნების უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი უზარმაზარი რაოდენობის მტკიცებულებები აქვს დაარქივებული. კერძოდ, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

რუსთავი 2-ის აუდიოჩანაწერში ისმის, რომ სავარაუდოდ, მირზა სუბელიანს, პირადად აქვს ისეთი საქმეების მოგვარებაში მონაწილეობა მიღებული, როგორიცაა სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაცია და ციხის ბუნტი, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს.

ჩანაწერში ისმის საუბარი ხორავას ქუჩის საქმეზეც: "ვისაც ხელი დავაფარე, ისინი, ორივე მაგრად არიან". ამ ტექსტით საუბრობს, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი.

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხუთჯერ შევიდა მირზა სუბელიანთან შესახვედრად, მათ შორის იმ დღეს, როცა რუსთავი 2-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა.

ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია. აუდიოჩანაწერების მოსმენის შემდეგ მმართველი პარტია დადგმულ სერიალზე საუბრობდა, ოპოზიცია კი სისტემურ დანაშაულზე.

მირზა სუბელიანს, რომელსაც პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 10 ივნისს შეეფარდა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

ფოტო: კულტურის სამინისტრო

"ანბანით მოთხრობილი საქართველო" — ამ კონცეფციით ოქტომბერში ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა გაიხსნა, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. კონცეფცია, ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და დამწერლობას, მეორე მხრივ, კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნებოდა.

წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 188 გერმანულენოვანი თარგმანით წარსდგა. 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს ნაკრების წარმატება

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2018 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგაზე შესანიშნავი შედეგი აჩვენა, მოიგო 5 თამაში, 1 კი ფრედ დაასრულა. ამ შედეგით, ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D ლიგაში პირველ ჯგუფში გაიმარჯვა, დაწინაურდა C ლიგაში და ნახევარფინალში გავიდა, რომელშიც ბელორუსის ნაკრებს შეხვდება. ფინალში გასვლის და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.

ვალების ჩამოწერა

ფოტო: photofriday / Shutterstock

არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 ათასი ადამიანისთვის, ფონდის ქართუს ფინანსური დახმარებით, ჯამში 1,5 მილიარდი ლარის ვალის განულებაზე გაავრცელა განცხადება.

ვალის ჩამოწერის პირობების მიხედვით, თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს და მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოვალეს გადახდილი სესხის ნაწილი. ვალების ჩამოსაწერად სპეციალური ვებგვერდი Vali.ge შეიქმნა.

არასამთავრობოებმა და ოპოზიციამ ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა, თუმცა ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობის რეფორმის ინიციატივა მთავრობას არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა. პრემიერის თქმით, ვალის ჩამოწერის შემდეგ ეს ადამიანები დაუბრუნდებიან სრულფასოვან ეკონომიკურ საქმიანობას.

საპრეზიდენტო არჩევნები

ფოტო: სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე და ბოლო არჩეული პრეზიდენტია. მისი საარჩევნო კამპანია პოლიტიკურ გუნდებს შორის ბრძოლას უფრო ჰგავდა, ვიდრე საპრეზიდენტო კანდიდატების შორის შეჯიბრს.

მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,52 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძემ კი 40,48 პროცენტი მიიღო. ვაშაძემ არჩევნების მეორე ტურის შედეგები არ აღიარა და თქვა, რომ მისი "ხმები მოიპარეს".

ზურაბიშვილმა ინაუგურაცია თელავში გამართა, იქ, სადაც არჩევნები წააგო. "გაყალბებული არჩევნების შედეგების" გასაპროტესტებლად გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ინაუგურაციის დღეს თელავისკენ დაიძრნენ, თუმცა ველისციხესთან პოლიციამ გზა გადაუკეტა. შსს-ში მიზეზი უსაფრთხოებით ახსნეს. პოლიციისთვის ხელის შეშლასა და მათი ნივთების დაზიანების ბრალდებით, შსს-მ ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე დააკავა. ასევე დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციის მანქანა დააზიანა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია კიდევ სამი დაკავებულის შესახებ, მათ შორის ორს ენმ-ის აქტივისტებზე ძალადობა ედება ბრალად, ხოლო ერთს დეპუტატების თამარ ხულორდავასა და სოფიო ქაცარავას მანქანის დაზიანება.

"პოლარიზებული", "ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით", — ასე შეაფასა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ წინასაარჩევნო პერიოდი. დელეგაცია დასკვნაში აღნიშნავდა, რომ არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კი თქვა, რომ ამ სტანდარტით საქართველოში არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს.