იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი უკვე დაასახელა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.

დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; დიმიტრი გვრიტიშვილი; გიორგი მიქაუტაძე; ნინო სანდოძე; პაატა სილაგაზე; გიორგი ტყავაძე; ნინო ქადაგიძე; მიხეილ ჩინჩალაძე; მარიამ ცისკაძე.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორის ნაწილი მათ "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებს.

დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება

ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი შეიცვალა. ახალი რედაქციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. მათ თანამდებობაზე უვადოდ საქართველოს პარლამენტი ნიშნავს. იმავე წესით უნდა აირჩიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეც.

კანონმდებლობით ამ დრომდე არ რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დასახელების პროცედურა. არც კანდიდატების შეფასების კრიტერიუმებია მკაფიოდ გაწერილი.

იუსტიციის საბჭოს 17 დეკემბრის სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა წარადგინა პროექტი, რომელიც კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებასა და საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებდა. საბჭოს წევრებმა კენჭი არ უყარეს არც საკითხის მიღებას და არც მის გადადებას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის, სოფო ვერძეულის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატები "ვიწრო ინტერესთა ჯგუფმა საკუთარი ინტერესებით" შეარჩია, რაც პროცესის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფიო ვერძეული

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფიო ვერძეული

ფოტო: EMC

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებდა არ წარედგინა კანდიდატები, იქამდე, სანამ მათი შერჩევის წესი არ ჩამოყალიბდებოდა. სოფო ვერძეული ამბობს, რომ, ამის მიუხედავად, იუსტიციის საბჭომ სია დაჩქარებულად დაამტკიცა.

"რა თქმა უნდა, მოლოდინი არავის ჰქონდა, რომ რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანი, პროცედურის არარსებობის მიუხედავად, სიას დაამტკიცებდა. ახლა ჯერი პარლამენტზეა", — უთხრა სოფო ვერძეულმა On.ge-ს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე რომ 24 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელებდნენ, წინა დღით, გვიან ღამით გახდა ცნობილი. კანდიდატების დასახელებას წინ უძღოდა მხოლოდ მოსამართლეთა რამდენიმეკაციანი ჯგუფის მიერ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებები, რაც საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განმარტებითაც დადასტურდა:

"ჩვენ, მოსამართლეებმა, ავიღეთ პასუხისმგებლობა და ვიხელმძღვანელეთ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით. შევარჩიეთ მხოლოდ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სასამართლო სისტემის ნდობით სარგებლობენ".

კანდიდატები, რომლებსაც "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებენ

საბჭოს წევრთა ნაწილისთვის უცნობი იყო კანდიდატთა ვინაობაც კი. მათ შორის იყო ნაზი ჯანეზაშვილი. ის 24 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად შვილთან ერთად მივიდა.

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

ფოტო: ლიბერალი

"მე ნამდვილად არ მინდა, ჩემი შვილი ცხოვრობდეს იმ ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგაც მათ თაობას "ჩინჩალაძის კლანთან" ბრძოლა მოუწევს", — განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მან On.eg-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში დღემდე მუშაობენ პირველი, რომელთა კისერზეცაა საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები.

"ახალი კონსტიტუციის შემდეგ, თეორიულად, მოსამართლეების წარდგენის კარგი სტანდარტი ჩამოყალიბდა, თუმცა ამ ხალხთან ეს სისტემა არ მუშაობს. სიხარბის დონე და ხარისხი მაღალია", — განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის მსგავსად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა: ირმა გელაშვილმა და ანა დოლიძემ.

"დღეს თქვენ პროცესუალურად და შინაარსობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, ამას ქართველი ხალხის სახელით გეუბნებით", — ამ სიტყვებით მიმართა ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს წევრებს და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მისი პროტესტის მთავარი მიზეზი მოსამართლეობის კანდიდატებში მიხეილ ჩინჩალაძის გვარი იყო. სწორედ ესაა მოსამართლე, რომელსაც არა მხოლოდ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, არამედ არასამთავრობოებიც ეწინააღმდეგებიან.

მიხეილ ჩინჩალაძის გარდა, არასამთავრობოთა კოალიცია სხვა კანდიდატების რეპუტაციაზეც სვამს კითხვებს. მათ შორის არიან მოქმედი მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი ტყავაძე.

"საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სასამართლოში დომინანტი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების კანდიდატურებს, რომელთა რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს", — აცხადებენ არასამთავრობოები საერთო განცხადებაში.

მიხეილ ჩინჩალაძე

მიხეილ ჩინჩალაძე ის მოსამართლეა, რომელსაც სხვადასხვა მედიამ საგამოძიებო მასალები და ბევრი კრიტიკული სტატია მიუძღვნა. სტუდია მონიტორის საგამოძიებო ფილმში "ჩინჩალაძის კლანი — სასამართლო სისტემის კრახი", საუბარია ჩინჩალაძის გავლენაზე სასამართლოში, მის კავშირზე ქართული ოცნების დეპუტატ, ვანო ზარდიაშვილთან და კლანურ მმართველობაზე, რომელმაც გახმაურებულ საქმეებზე გავლენა მოახდინა. ჩინჩალაძის რეპუტაციასა და კავშირებზე წლებია კითხვები უჩნდება არასამთავრობო სექტორსაც.

მიხეილ ჩინჩალაძე

მიხეილ ჩინჩალაძე

ფოტო: საქალაქო სასამართლო

ამჟამად ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ჩინჩალაძე 2007 წლის ივნისიდან 2017 წლამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების, კონსტიტუციის 42-ე მუხლის, საერთაშორისო გამჭვირვალობა—საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, მიხეილ ჩინჩალაძემ 10-წლიანი კარიერის მანძილზე მხოლოდ 250 საქმე განიხილა, რაშიც ოფიციალური მონაცემებით, მილიონ ლარზე მეტი სარგო და პრემია-დანამატი აიღო.

მას 2004-2007 წლებში მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2005 წლის მაისში ის მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ ჩინჩალაძემ 250 საქმიდან 220 სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს 2007-2008 წლებში განიხილა.

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე 2016-2017 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2017 წლის აპრილში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ ის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია, ხოლო იმავე წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც 2018 წლის 2 აგვისტოს თანამდებობა დატოვა, გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს რამდენიმე წევრი ზეწოლასა და შანტაჟში დაადანაშაულა.

გიორგი ტყავაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 7 მოსამართლე, მათ შორის გიორგი ტყავაძე უკონკურსოდ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. მან განიხილა 26 მაისს აქციის მონაწილეთა საქმეები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, გიორგი ტყავაძე "გასისხლიანებულ, ნაწამებ ადამიანებს ადმინისტრაციულ პატიმრობას უსჯიდა, ნაცვლად იმისა, რომ წამებისკენ მიეპყრო ყურადღება".

მერაბ გაბინაშვილი

მერაბ გაბინაშვილმა პროფესიული კარიერა 1999 წლიდან სასამართლო სისტემაში მუშაობით დაიწყო, გააგრძელა საგამოძიებო ორგანოებში, მაგრამ შემდეგ ისევ სასამართლო სისტემას დაბრუნდა. 2017 წლის 20 ივნისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ასრულებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ჯერი პარლამენტზეა

8 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს წარდგენილ კანდიდატებს და შეაჩერონ პროცესი იქამდე, სანამ კანდიდატების დასახელების წესი კანონით არ გაიწერება.

ფოტო: რადიო თავისუფლება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, პარლამენტი ვალდებულია სრულყოფილად განიხილოს კანდიდატების ბიოგრაფია და საქმიანობა და შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება.

"ამჯერად პასუხისმგებლობა ქართული ოცნების გუნდზეა", — აცხადებს მშვენიერაძე.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გუნდში ამ საკითხზე არ უმსჯელიათ. მან საკუთარი პოზიციის გახმოვანებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ყველა კითხვას მსჯელობის შემდეგ გასცემენ პასუხს.

ოპოზიცია კლანულ მმართველობაზე საუბრობს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, კანდიდატებს შორის არის ის ძველი კლანიც, რომელიც "ძალადობას აკანონდებდა".

"სასამართლო საქართველოში, ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელილია და კანონებს არ ემორჩილება. ის ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას", — განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ "ცხადია, ზურაბ ადეიშვილის მმართველობა არ ბრუნდება, მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ მაშინდელი სასამართლოს სისტემისა და ხელისუფლების დასაყრდენები".

"მაშინ თეა წულუკიანი რით არის ადეიშვილზე უკეთესი? რით არის დღეს უკეთესი ბიძინა ივანიშვილი წინა ხელისუფლებაზე? რანაირად არის მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე მსხვერპლი რომელიმე სისტემის? ისინი თვითონ არიან ამ სისტემის შემოქმედი და მეტიც, ამ სისტემას აბეტონებენ როგორც მონსტრების კორპორაციას", — განაცხადა გიგი უგულავამ.

ახალი კანონმდებლობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტმა კანდიდატების წარდგენიდან ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს.