იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ გადაწყვიტა. მისი თქმით, ამ საქმემ ის სისტემური პრობლემები გამოავლინა, რომელიც სამართალდამცავ სისტემებში არსებობს.

"ნელ-ნელა წამოსვლის გადაწყვეტილება მზადდებოდა, თუმცა კატალიზატორის როლი სარალიძის საქმემ შეასრულა... რა რეფორმაზე უნდა ისაუბრო, თუ პროკურატურის საშუალო დონის ჩინოვნიკს შეუძლია, ასეთ გახმაურებული საქმეები წარმართოს ისე, როგორც თვითონ უნდა და ამაში ჩარიოს სამართალდამცავი სისტემების ზედა ეშელონები", — ამბობს ბარამიძე On.ge-სთან საუბრისას.

ის არ პასუხობს კითხვას, ამ საკითხზე ესაუბრა თუ არა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელმაც სარალიძის მკვლელობის დროს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მომუშავე ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერა რამდენჯერმე გამოუცხადა.

"მე არ ვაპირებ თეა წულუკიანზე საუბარს, დეტალებზე თავს შევიკავებ იმიტომ, რომ მასთან ერთად ბევრი წელი ვიმუშავეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პოლიტიკური გზები რადიკალურად გაიყო", — ამბობს ბარამიძე.

მისი თქმით, ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ატარებს.

"ქართულ ოცნებას შევუერთდი 2011 წლის ოქტომბერში, არ მომწონდა ერთი კაცის [მიხეილ სააკაშვილის] ავტოკრატიული რეჟიმი და იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ახლა მეორე კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] გადაიბაროს ყველაფერი. ქვეყანა არ უნდა მართოს ერთმა კაცმა, არამედ — კონსტიტუციურმა ორგანოებმა", — განმარტავს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბარამიძეს პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი გახდა. ამის შესახებ პარტიამ დღეს, 24 დეკემბერს გაავრცელა განცხადება. მან მინისტრის მოადგილის თანამდებობა რამდენიმე თვის წინ, 2018 წლის 24 ივნისს დატოვა.