რბილი, წვნიანი სტეიკის წარმოდგენისას ალბათ ბევრ თქვენგანს ნერწყვი ადგება. საინტერესოა, ასეთივე რეაქცია გაქვთ თუ არა 3D პრინტერით დაბეჭდილი ვეგეტარიანული სტეიკის ხსენებისასაც.

Novameat ესპანური სტარტაპია, რომელიც 3D პრინტერით დაბეჭდილი ხორცის წარმოებასა და გაყიდვაზე მუშაობს.

"ჩვენ შევქმენით პირველი ვეგეტარიანული სტეიკი, რომელიც 3D პრინტერით არის დაბეჭდილი. ასეთი სტეიკის შექმნა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ კატალონიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქსოვილების ინჟინერიის განხრით ვმუშაობდი", - აცხადებს სტარტაპის დამფუძნებელი ჯუზეპე შოტი.

შოტის თქმით, მან პროდუქტის შესაქმნელად ისეთი ინგრედიენტები აირჩია, რომელთა მოყვანაც მარტივი და უსაფრთხოა. მისი აზრით, მცენარეულ საკვებს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, მაგალითად, მისი წარმოებისთვის ცხოველების დახოცვა საჭირო არ არის, ის არ შეიცავს ქოლესტეროლსა და სხვა მავნე ნივთიერებებს, მისი წარმოება არც გარემოსთვის არის საზიანო.

სპეციალურად შერჩეული მცენარეული ინგრედიენტების გადამუშავებით ბოსტნეულის სპეციალური პასტა მიიღება, რომელსაც პრინტერი სტეიკების დასაბეჭდად იყენებს.

როგორი გემო აქვს დაბეჭდილ სტეიკს? პროდუქტის წარმატება ყველაზე მეტად ალბათ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული.

"ჩემი პროექტის ერთ-ერთი პირველი მიზანი ის იყო, რომ შემექმნა ხორცის შემცვლელი პროდუქტი, რომელიც სტრუქტურით, კონსისტენციითა და ფორმით ცხოველის ხორცს წააგავს", - აცხადებს შოტი.

უკვე არსებობენ კომპანიები, რომლებიც ლაბორატორიებში ხელოვნურ ხორცს ზრდიან, რომლის გემოც ტრადიციული ხორცის იდენტურია, თუმცა, ამ დრომდე ხორცის სტრუქტურისა და კონსისტენციის შექმნა ასეთი სიზუსტით ვერ ხერხდებოდა.

შოტი იმედოვნებს, რომ მისი პროდუქტები ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება.

"ამჟამად, ჩვენ შეგვიძლია საქონლისა და ქათმის ხორცის მსგავსი სტრუქტურის მქონე ვეგანური სტეიკები შევქმნათ, თუმცა ისეთი პროდუქტის მიღება, რომელიც ნამდვილ ხორცს გემოთი, სტრუქტურით, შესახედაობითა და შემადგენლობითაც ჰგავს, ადვილი არ არის, მაგრამ Novameats-ის საბოლოო მიზანიც სწორედ ასეთი სტეიკის შექმნაა", - აცხადებს შოტი.