დღეს, 24 დეკემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ისევ თამარ ჟვანია დაამტკიცეს. ცესკო-ს წევრებმა თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ჟვანიამ 8 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ვლადიმერ ბოჟაძემ კი 1.

თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო კანდიდატს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12-კაციანი შემადგენლობისაგან ხმების ორი მესამედი მიეღო. თუმცა სხდომას არ ესწრებოდნე თავად თამარ ჟვანია და ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე 21 დეკემბერს წარადგინა.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. მან ბოლო ოთხ თვეში, წინასაარჩევნო პერიოდში, 80 750 ლარი გამოიმუშავა.