თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ რეპრესიებსა და სანახაობას დაიწყებს. მისივე თქმით, ის პოლიტიკურ სანახაობას ივანიშვილს თავად მოუწყობს, როცა ხმამაღლა ისაუბრებს მასთან გარიგების მცდელობებზე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა, როცა ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ წავიდა და მხარი ოპოზიციას დაუჭირა.

"სანახაობა იქნება გაცილებით შთამბეჭდავი, ყველა კარტის გახსნით, თუ რას ითხოვდნენ ჩემგან გარკვეული მაღალჩინოსნები გარკვეულ საქმეებზე მისი სახელით, თუ რას ითხოვდნენ რუსთავი 2-ის საქმეზე მისი სახელით, რაზეც უარი ვუთხარი. ჩემი პოზიციის ცვლილების მოთხოვნა იყო, რის გამოც დაიძაბა ჩემი ურთიერთობა მათთან", — განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამამ მას ფული შესთავაზა, იმისთვის რომ მისი შვილის საქმიდან ოქრუაშვილის სახელი გამქრალიყო.

სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს ამ განცხადების შემდეგ დუელი შესთავაზა. მისი თქმით, თუ ოქრუაშვილი დაამტკიცებს რომ მან ფული მართლაც შესთავაზა, თავს მოიკლავს, ხოლო თუ ვერ დაამტკიცებს, მოკლავს.

"ირაკლი ოქრუაშვილს ახლა ერთი ადგილი აეწვა და დადგა ის საკითხი, რომ ნახეთ მე რა კაცი მებრძვის, ხალხი გამომიგზავნა ფულზე", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.