საქართველოს მოქალაქეები და კინოსპეციალისტები მუნიციპალური კინოთეატრის შექმნის მოთხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართავენ. შესაბამისი პეტიცია ვებგვერდზე: Manifest.ge მოქალაქე გიორგი რაზმაძემ გამოაქვეყნა.

პეტიციის ავტორი წერს, რომ მსოფლიოს უამრავ სახელმწიფოში მუნიციპალური კინოთეატრები ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება. პეტიციაში ნათქვამია, რომ საქართველოში ამჟამად ბიუჯეტიდან თანხა მხოლოდ ფილმწარმოებაზე გამოიყოფა, მაგრამ სახელმწიფო არ ზრუნავს გადაღებული ფილმების ხელმისაწვდომობაზე.

"კომერციულ კინოთეატრებში ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალია, რის გამოც, ქართული ფილმები ჰოლივუდისა და ევროპის მსხვილი კომპანიების პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევენ", — წერს პეტიციის ავტორი.

ის ყურადღებას რეგიონში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე ამახვილებს და ფიქრობს, რომ რეგიონებში კულტურული ცხოვრება თითქმის გაჩერებულია.

"არსებულ მდგომარეობას, ყველაზე ნაკლები დანახარჯით, სწორედ მუნიციპალური კინოთეატრები შეცვლის. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯის გადადგმა კი უკვე შეიძლება", — აცხადებს გიორგი რაზმაძე,

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს ყველა სახელოვნებო მიმართულების დოტაციის პოლიტიკა, გარდა კინოინდუსტრიისა.

"თავის დროზე უსამართლო პირობებით გასხვისებული კინოთეატრი რუსთაველი ამჟამად დახურულია. ამრიგად, თუკი სახელმწიფო ინიციატივას გამოიჩენს, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდება პირველი მუნიციპალური კინოთეატრის დაფუძნება იმავე, 1939 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში, რომელიც, გახსნის დღიდან, როგორც კინოთეატრი, ისე ფუნქციონირებდა", — ნათქვამია პეტიციაში.