გლდანის მეორე დაწესებულების პატიმარი 28-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსჯავრდებული ირაკლი ჩხეიძე დღეს, 22 დეკემბრის დილით მე-18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, დღემდე ის სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა. პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ ირაკლი ჩხეიძესთან გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ დაითანხმონ სამედიცინო დახმარების მიღებაზე.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, მსჯავრდებული გუშინ, 21 დეკემბერს ერთჯერადად გაესინჯა ექიმს.

ირაკლი ჩხეიძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ასევე, იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა) ჩადენაში.

პატიმრის მდგომარეობის შესახებ ფეისბუქის გვერდზე თუთა ჩხეიძე წერს. მისი თქმით, მსჯავრდებულს მეტყველება უჭირს და "ყველა სიტყვაზე ქოშინებს":

"პატიმარი, რომელიც 0,003 გრ MDMA-ს გამო იხდის სასჯელს გლდანის მერვე საპყრობილეში შიმშილობს. მას 6 წელი აქვს მისჯილი და 1 წელი და 9 თვეა რაც ციხეშია".