გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა იყო თუ არა გადაცდომები სახელმწიფო მოხელეების მხრიდან. შს მინისტრი დღეს, 21 დეკემბერს ქუთაისში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს:

"როდესაც სახელმწიფომ, აი აქ, ამ პარლამენტში მიიღო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება, კომისიას ჰქონდა მანდატი ემუშავა იმაზე, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები, რაც ამ კომისიამ ვერ დაადგინა".

გახარიას თქმით, კომისიამ "აბსოლუტურად გაუმართლებლად" დაიწყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ძიება, და მისივე თქმით, ვერც ეს დაადგინა:

"ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რაც დაადგინა კომისიამ და იქნება ახლადგამოვლენილი ფაქტი".

2 ივლისს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას საქმის მოწმეებთან, გამომძიებლებთან, პროკურორთან და დაზარალებულთა ოჯახებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და რეკომენდაციებს კენჭი უყარა. კომისიის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი რეკომენდაციით მიმართეს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის საქმეზე, ასევე შსს-მ გაატაროს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებისათვის (10 მომხრე და 1 წინააღმდეგი);
  • დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მ.კ-ს [კალანდია] მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეზე; (8 მომხრე და 6 წინააღმდეგი).

გაიგეთ მეტი: 1 წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან — მოკლედ