ესტონეთის გენერალური პროკურორი, ლავლი პერლინგი აცხადებს, რომ ევროპაში ფულის გათეთრების ყველაზე მასშტაბური საქმე საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩადენილ დანაშაულებებს პირდაპირ უკავშირდება. ინფორმაციას ამის შესახებ, ამერიკული გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

საერთაშორისო კრიმინალური გამოძიების ფარგლებში, რომელიც დანიური Danske ბანკის საქმიანობას სწავლობს, ფულის გათეთრების საქმეზე ბანკის 10 თანამშრომელი დააკავეს. ესტონეთის კრიმინალური პოლიციის უფროსის განცხადებით, დაკავებები შემდგომშიც გაგრძელდება. ესტონეთის პოლიციის უფროსის, ალივარ ალავერეს, ცნობით ჯგუფი დანაშაულებრივი ქსელის პრინციპით მოქმედებდა.

ესტონეთის გენერალური პროკურორის, ლავლი პერლინგის თქმით, საუბარია დაახლოებით 350 მილიონი დოლარის მოცულობის ტრანზაქციაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩადენილ დანაშაულებთან. დიდი ალბათობით, აქ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და საგადასახადო აფიორა იგულისხმება.

ესტონელი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ისინი აქტიურ კოორდინაციაში არიან ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სავარაუდოდ, გაიზრდება ეჭვმიტანილთა და დაკავებულთა რაოდენობაც.

გამოძიების ცნობით, ბანკის სათაო ოფისი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ბანკის მენეჯმენტი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამართალდამცავებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მიმდინარე გამოძიების შესახებ, ბანკმა რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლა. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ბანკისთვის მიყენებული ზიანი საკმაოდ მაღალია, მიმდინარე წელს ბანკმა უკვე დაკარგა საბაზრო კაპიტალიზაციის 40%, რაც დაახლოებით $15 მილიარდია.

On.ge აღნიშნული საქმის შესახებ დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.