ხშირად ამბობენ, რომ მცენარეები სახლში ჰაერს ასუფთავებენ, მაგრამ კვლევები მიუთითებს, რომ რეალურად მათი ეფექტი მინიმალურია. გენეტიკური მოდიფიკაციების მეშვეობით ეს შეიძლება მალე შეიცვალოს. გენმოდიფიცირებულ მცენარეებს შეუძლიათ სპეციალური ცილები წარმოქმნან, რომლებიც გარკვეულ ნივთიერებებბს შთანთქავენ და შლიან. ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მომავალში ასეთ მცენარეები შეიძლება რეალობად იქცნენ.

1989 წელს ნასას მიერ ჩატარებულმა ცნობილმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მცენარეებს ჰაერის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდის უნარი აქვთ. ექსპერიმენტის მიზანი კოსმოსურ ხომალდებში ჰაერის გაწმენდის ბუნებრივი საშუალებების შექმნა იყო, კვლევის შედეგებმა კი წარმოშვა იდეა, რომ მცნარეებს თქვენს სახლში ჰაერის გაწმენდა შეუძლიათ. თუმცა, მომდევნო კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის ხარისხზე მცენარეების გავლენა მინიმალურია.

ახლა კი, გენეტიკური ინჟინერიის ახალი მეთოდებით სახლის მცენარეებმა აღნიშნული ფუნქცია შესაძლოა მართლაც შეიძინონ.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სახლის გავრცელებული მცენარე, ეშმაკის სურო (Epipremnum aureum) გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით შეცვალეს და მას ჰაერიდან ბენზენისა და ქლოროფორმის შთანთქმის უნარი შესძინეს. ბენზენიძლიერი კარცინოგენია, ისევე როგორც, დიდი ალბათობით, ქლოროფორმიც.

მეცნიერებმა მცენარეში სინთეტური გენი გადანერგეს, რომელიც სპეციალურ ცილას, კერძოდ, ციტოქრომ P450-ს ასინთეზირებს, ეს ცილა ყველა ძუძუმწოვარში გვხვდება, მათ შორის, ადამიანებშიც. ადამიანებში აღნიშნული ცილა ბენზენს ფენოლად გარდაქმნის, ქლოროფორმს კი ნახშირორჟანგად და ქლორის იონებად. თუმცა, ის მხოლოდ ღვიძლში გვხვდება, ამიტომ ის ჰაერში არსებულ მავნე ნივთიერებების მიმართ უძლურია.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს რეაქცია ღვიძლიდან გარეთ გამოგვეტანა, კერძოდ კი მცენარეების ფოთლებში", - აცხადებს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი სტუარტ სტრენდი, - "ეს ცილა მცენარეებისთვისაც სასარგებლო იქნება. მცენარეები ნახშირორჟანგსა და ქლორის იონებს საკვები ნივთიერებების შესაქმნელად იყენებენ, ფენოლს კი უჯრედის კედლის ასაშენებლად".

მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული მცენარეები მინის სპეციალურ მილებში განათავსეს, რომლებშიც დიდი რაოდენობის ბენზენი და ქლოროფორმი იყო. შემდეგ კი დააკვირდნენ, როგორ შეიცვალა თითოეული მათგანის რაოდენობა 11 დღის განმავლობაში.

კვლევის ბოლოს, იმ მილებში, რომლებშიც ჩვეულებრივი მცენარეები იყო მოთავსებული, ნივთიერებების რაოდენობა არ შემცირებულა. ხოლო გენმოდიფიცირებული მცენარეების შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა: ქლოროფორმის რაოდენობა სამ დღეში თითქმის 82 პროცენტით შემცირდა, ექვსი დღის შემდეგ კი მილში ქლოროფორმის დაფიქსირება პრაქტიკულად ვერ მოხერხდა. ბენზენის რაოდენობა კი რვა დღის შემდეგ 75 პროცენტით შემცირდა.

დადებითი შედეგი

ფოტო: Unsplash

კვლევის შედეგები იმედისმომცემია. ჩვენ შეიძლება მომავალში მცენარეების საშუალებით ჰაერი იმ საშიში ნივთიერებებისგან გავწმინდოთ, რომელთა გაფილტვრაც მექანიკური საშუალებებით ვერ ხდება.

თუმცა, მცენარეებმა რომ ჰაერიდან მავნე ნივთიერებების შთანთქმა შეძლონ, ამისთვის საჭიროა, რომ ოთახში ჰაერის ნაკადი მოძრაობდეს.

"თუ მცენარეს ოთახის კუთხეში მოათავსებთ, მას ჰაერის ხარისხზე გარკვეული გავლენა ექნება, თუმცა, ჰაერის ნაკადის გარეშე, მავნე მოლეკულებს მცენარემდე მისაღწევად ბევრად დიდი დრო დასჭირდებათ", - აცხადებს სტრენდი.

მეცნიერები მცენარისთვის კიდევ ერთი ცილის დამატებას აპირებენ, რომელიც ფორმალდეჰიდს შთანთქავს. ეს თამბაქოს კვამლსა და ხის პროდუქტებში არსებული კარცინოგენია.

"ეს ნივთიერებები ძალიან სტაბილურია, ამიტომ მათი დაშლა რთულია. ცილების გარეშე, ჩვენ მათ დასაშლელად დიდი ძალისხმევა და ენერგია დაგვჭირდება. ცილები კი ამ ყველაფერს ბევრად უფრო მარტივად და ეკონომიურად აკეთებენ, მათი მცენარეებში ინტეგრირება კი ძალიან ჭკვიანურია", - აცხადებს სტრენდი