კიბერშეტევა, შრომითი მიგრაცია, იარაღის უკანონო ბრუნვა და პროვოკაციები ე.წ საზღვართან — დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ახალი ბრალდებები წარუდგინა. ადგილობრივი დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის (KGB) უფროსმა, ვლადიმირ ხუბაევმა სახელისუფლებო მედია რესთან ინტერვიუში "ქართული რბილი ძალის საფრთხეებზე" ისაუბრა. მისი მტკიცებით, თუ საქართველო ადრე "აგრესიულ სამხედრო გზებს" მიმართავდა ახლა ახალი ტაქტიკა აქვს.

KGB-ს უფროსის აზრით, ერთ-ერთი დიდი საფრთხე რომელიც საქართველოდან მოდის არის ადგილობრივებში "ნებაყოფლობითი ინტეგრაციის სურვილის გაღვივება". ხუბაევს მიაჩნია, რომ საფრთხისშემცველია ადგილობრივების "მოსყიდვის მცდელობებიც" ჯანდაცვის პროგრამით, საბანკო კრედიტებით და სხვა სახის დახმარებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივებს სთავაზობს.

დე ფაქტო უშიშროების სამსახური დიდ საფრთხეებს ხედავს ნებისმიერი სახის ანტიოკუაპციურ პროტესტში, რომელიც საქართველოში არსებობს. ხუბაევი ანტიოკუპაციური მოძრაობას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს.

"დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშია რეგულარულად ატარებს პროვოკაციულ აქციებს საქართველოს სასაზღვრო ზონაში. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ მესაზღვრეებს და დემონსტრაციულად ცდილობენ საზღრის კვეთას და ოსეთის ტერიტორიაზე შემოსვლას", — აცხადებს ხუბაევი ქართველ აქტივისტებზე, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში პატრულირებელ კონფლიქტისპირა სოფლებში.

დე ფაქტო KGB-ს უფროსი ანტიოკუპაციურ მოძრაობას "კიბერშეტევებში" ადანაშაულებს, ოღონდ არა რომელიმე სახელმწიფო სერვების გატეხვას, არამედ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს.

"ზარალის მიყენების მიზნით, ქართული მხარე აქტიურად აგრძელებს კიბერსივრცის გამოყენებას. მოხალისეები, რომელსაც ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრი ლაშა ბერულავა ხელმძღვანელობს სისტემატიურად უღებენ ფოტოებს რუს და ოს სამხედროებს, ასევე, სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს. გადაღებული ფოტოები შეურაცხმყოფელი და მუქარის მოწოდებებით ვრცელდება ინტერნეტის ქართულ სეგმენტში", — აცხადებს ხუბაევი.

მისი თქმით, ანტიოკუპაციურ პროცესში, რომელიც ართულებს სამხრეთ ოსეთის აღიარებას ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია საზოგადოებრივი, რელიგიური ჯგუფები და ოპოზიცია. მისივე თქმით, წინასაარჩენო პერიოდში მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერები აქტიურად ცდილობდნენ კონფლიქტის პროვოცირებას, როცა ხელისუფლებას ოკუპანტების მიმართ არასაკმარისად მკაცრ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ.

ხუბაევი ინტერვიუში ამტკიცებს იმასაც, რომ ოსეთში ინვესტიციების მოზიდვამ და აღმშენებლობამ შრომითი მიგრანტები მიიზიდა საქართველოდან, შუა აზიიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან და არამხოლოდ ისინი, ტერორისტებიც კი.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში შეიქმნა პირობები რადიკალური ისლამური ორგანიზაციების და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრებისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ ამ საფრთხეების ნეიტრალიზებას", — აცხადებს ხუბაევი.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის ვერმოგვარებასაც ისევ და ისევ საქართველოს აბრალებენ იარაღის უკანონო ბრუნვაა. ხუბაევის მტკიცებით, რამდენიმე წელია უშიშროების კომიტეტი სისტემატიურად ცდილობს იარაღის საკითხის მოგვარებს. მისი თქმით, ამას ართულებს ის ფაქტი, რომ ადგილობრივები უარს ამბობენ იარაღის ჩაბარებაზე, რადგან ეშინიათ ქართული მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართებს ავლებს. საოკუპაციო ხაზსს მიღმა რჩება ადგილობრივიების საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. მოსახლეობას აღარ აძლევენ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. წინააღდეგობის გაწევის შემთხვევაში კი იტაცებენ და აპატიმრებენ.

მხოლოდ 2018 წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების დაჯარიმებით 39 000 ლარი გამოიმუშავა. ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 543 საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული.