ყოფილი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ის ინფორმირებულია, რომ ლონდონში ომეგა ჯგუფის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარებენ.

დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ მან წერილი ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელი ადვოკატისგან მიიღო:

"წერილში ეწერა, რომ არის ერთი ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ სარჩელი შეიტანოს მეორე ჯგუფის მიმართ და მათ შორის, ჩემი სახელიც არის იქ გაჟღერებული. მე პასუხი გავეცი, რომ არანაირი კავშირი არანაირ კონსპირაციასთან არ მაქვს. თუ გამოძიება დაადგენს, რომ სხვა რაღაცა ხდებოდა უნდა დადგინდეს".

ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ის "თავის სიმართლეს დაიცავს". ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ადასტურებს, რომ პირადად ერთხელ შეხვდა ომეგა ჯგუფის წარმომადგენლებს:

"ძალიან მწვავე კამათი იყო, იმასთან დაკავშირებით ეკუთვნოდათ თუ არ ეკუთვნოდათ საერთოდ გადავადება ამ ჯგუფს, თუმცა საბოლოო ჯამში, იმ კონკრეტულ მომენტში გადავადება მოხდა. შემდგომ მე ამ ჯგუფთან ასე ვთქვათ, კომუნიკაცია პირადი არ მქონია და აქედან გამომდინარე ჯობია, რომ გამოვითხოვოთ საბუთები".

ომეგა ჯგუფის საქმე

რამდენიმე თვის წინ შემოსავლების სამსახურმა ომეგა ჯგუფს ინკასო დაადო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს ოჯთ-ის საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხებოდა 51 717 000 ლარი. მათი განმარტებით, დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენდა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.

უწყებაში ამბობდნენ, რომ კომპანიას ვალის გადახდის გრაფიკი ორჯერ შეუდგინეს, მაგრამ შეთანხმების დარღვევის გამო ორივე გაუქმდა. მათი თქმით, სწორედ ამიტომ კომპანიის ანგარიშებს ინკასო დაედო.

ტელეკომპანია იბერიაში, რომელიც ომეგა ჯგუფის შემადგენლობაში შედის, აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება მედიას შემოსავლის წყაროს უზღუდავდა.

10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.

ჩანაწერის მიხედვით, ომეგა ჯგუფის მფლობელს, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.

მოგვიანებით, რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბიზნესის სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა.

30 სექტემბრის ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებაც მოსთხოვა. მისივე თქმით, ივანიშვილმა, ასევე, მოთხოვა, რომ თავისი მოგებიდან 50%-ით ქართული ოცნება დაეფინანსებინა. თუმცა, როგორც ის ამბობს, მას პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება აღარ დაუფინანსებია.

ბიზნესმენმა ასევე თქვა, რომ სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით დაემუქრა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ომეგა ჯგუფის საქმეზე მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტური არაა და დამონტაჟებულია. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა 4 ოქტომბერს გასცა.

ომეგა ჯგუფის საქმის ჩანაწერებზე ლევან ყიფიანი სასამართლოში 3 ოქტომბერს გამოიკითხა. სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა.

მისი თქმით, ამ ჩანაწერებზე დათანხმების მიზანი იყო, რომ ოქუაშვილს საქართველოში და საზღვარგარეთ ფინანსური პრობლემები მოეგვარებინა. მისი განმარტებით, ჩანაწერებით უცხოელი პარტნიორები სახელმწიფოს მიერ ომეგა ჯგუფზე ზეწოლის შესახებ შეიტყობდნენ, ოქუაშვილი კი ამ დროს საქართველოში ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანების საკითხსაც გადაჭრიდა. თუმცა როგორც ყიფიანი განმარტავს, ის აუდიოჩანაწერები, რომელიც მედიით გავრცელდა დამონტაჟებულია.

ლევან ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, ისინი გეგმავენ, რომ ოქუაშვილს სასამართლოში უჩივლონ.

აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ 12 სექტემბერს დაიწყო გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.