პანკისის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლების სახელით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ჰესის მშენებლობის საკითხზე დავა დაიწყო.

საქმე ეხება ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მდინარე სამყურისწყალზე, შპს ფერის მიერ დაგეგმილი 26,28 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის სამყურისწყალი 2 ჰესის მშენებლობას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახელმწიფომ ნებართვა ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ჩართულობისა და კვლევების გარეშე გასცა.

EMC ირწმუნება, რომ სახელმწიფომ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზა კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარების გარეშე გასცა და კომპანიას მათი წარმოდგენის ვალდებულება ნებართვის მიღების შემდგომ დააკისრა.

EMC, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, მოითხოვს "სამყურისწყალი 2 ჰესის" იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში აღნიშნული ჰესის მშენებლობა.

პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს მდინარე სამყურისწყალთან, ალაზანთან და მიმდებარე ბუნებრივ გარემოსთან ღრმა სოციალური კავშირი აქვთ. EMC-ის ცნობით, ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობა მაღალი ალბათობით გამოიწვევს სასმელი წყლის რესურსის ნაკლებობას.

იგივე კომპანიის მიერ იგეგმება სოფელ ბირკიანთან "ხადორი 3" ჰესის მშენებლობა, რომლის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა აქვს.