"ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს", — ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია პირველის კითხვას პურზე ფასების ზრდის შესახებ. მინისტრის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკა ამტკიცებს, რომ საქართველოში ცხოვრების დონე არ უარესდება და ეკონომიკა იზრდება.

"აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი. ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ეს არის სტატისტიკა და ეს არის ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და არ არის ჩვენი მოგონილი", — განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის თქმით, მთავრობა არ არის კმაყოფილი იმ შედეგებით რასაც მიაღწიეს და ისინი "24 საათიან რეჟიმში მუშაობენ" გაუმჯობესებაზე. მისივე თქმით, "მეტის გაკეთებას" ჭირდება უფრო მეტი დრო.

"კი, რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაცა პროდუქტებზე ფასი დაეცა, მაგრამ ჩვენ რომ ვნახოთ სამომხმარებლო კალათა, პრაქტიკულად 2%-მდე არის ინფლაცია", — განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ უნდა ისაუბრონ ფაქტებზე და არა "განსაზღვრული ნაწილის განცდებზე".

10 დეკემბრიდან, მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა.ფასის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სიტუაციის შესასწავლად შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ნოემებერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0,7 პროცენტია, წლიური მაჩვენებელი კი 1,9 პროცენტი. გასულ თვეში ფასები გაიზარდა სურსათზე, ალკოჰოლზე, ტრანსპორტზე და ა.შ.

ფასები გაიზარდა: ბოსტნეულზე (5,7%), რძეზე, ყველსა და კვერცხიზე (3,3%), თევზეულზე (2,1%), ასევე ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1,8%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-8,3%).

გაიგეთ მეტი: