"აბა, ქალს თუ დაეჭიდები? - შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა, თავისთავში არის ძალიან სექსისტური და პრობლემატური", — ასე აფასებს ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია გურჯაანის სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე ქალი პოლიციელების კორდონს.

ბაია პატარაია წერს, რომ შერეული კორდონი რომ ყოფილიყო, ამ ამბავს არც კი გამოეხმაურებოდა:

"იმას არ ვიტყვი, ქალს რატო აძლევთ ასეთ დავალებას-თქო, ცხადია, ყველანაირი საქმე უნდა აკეთოს ქალმა პოლიციელმა, მათ შორის კორდონი, მაგრამ უკლებლივ ყველა ქალი რომაა ამ "ცოცხალ ფარში", ეს უკვე პერფომანსს ჰგავს. ჰოდა, არ მომწონს გახარია რომ პერფომანსს გვიწყობს ქალი პოლიციელებით - ძალიან არ მომწონს".

გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე, წინა ხაზში ქალი პოლიციელების კორდონი იყო, მათ უკან კი კაცი პოლიციელები იდგანან. აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ეზოში მდგაქ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიართვეს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა კი სექსისტური შინაარსის განცხადება გააკეთა სიტყვით გამოსვლისას:

"შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? არ ვიცი, ალბათ, ამათ მახინჯ ფანტაზიას ზღვარი აღარ აქვს".

გურჯაანის რაიონის სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში დავით კირკიტაძის პროცესი უნდა დაიწყოს, გაერთიანებული ოპოზიციის აქვის მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში პოლიციაა მობილიზებული.