მართალია, ტურისტების სიმრავლე ეკონომიკურ განვითარებასთან და კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული, თუმცა ცნობისმოყვარეების უწყვეტ ნაკადს ბევრი თავისტკივილიც მოჰყვება. ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილები ტურისტების სიჭარბის გამო პრობლემებს აწყდებიან:

1. ბარსელონა, ესპანეთი

ფოტო: Getty Images

ესპანეთში, კერძოდ კი, ბარსელონაში ამჟამად ტურიზმის ბუმია. ლა რამბლა სუვენირების მაღაზიებით არის გადატვირთული, საგრადა ფამილიასთან კი დაახლოებით იმხელა რიგი დაგხვდებათ, რამხელაც - პარიზის დისნეილენდში.

ადგილობრივები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. ვიზიტორების რაოდენობა პიკს ივლისში აღწევს და ტრანსპორტით სარგებლობა ამ დროს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ქალაქის ხელმძღვანელობამ Airbnb-ზე არალეგალურად განთავსებული ბინების შემოწმება დაიწყო.

2. პალაუ

ფოტო: Getty Images

პალაუს ყოველწლიურად 150 000 ტურისტი სტუმრობს, რაც წყნარ ოკეანეში მდებარე პაწაწინა კუნძულისთვის მეტისმეტია.

ცნობისმოყვარე სტუმრები ველურ ბუნებასა და მარჯნის რიფებს დიდ საფრთხეს უქმნიან. მთავრობა ტურისტებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ გარემოს, რომლის სანახავადაც ჩადიან. ყოველმა ტურისტმა პალაუზე ფეხის დაბიჯებამდე ამ შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი.

3. ვენეცია, იტალია

ფოტო: Getty Images

ვენეციის მაცხოვრებლები ყველაზე მეტად უზარმაზარ გემებზე წუხან, რომლებიც ქალაქს ზედმეტად უახლოვდებიან. ვიბრაცია უძველეს შენობებს აზიანებს, ქალაქს კი კრუიზზე მყოფი სტუმრებისგან ეკონომიკური სარგებელი არ შემოსდის, რადგან ტურისტები ხმელეთზე არც კი გადმოდიან.

ამჟამად ქალაქის მერია ფიქრობს, როგორ გამიჯნოს ადგილობრივები ტურისტებისგან. ჯებირებმა და ზონირებამ შედეგი არ გამოიღო. ვენეციელები ამ იდეამ მხოლოდ გააღიზიანა. ისინი ამბობენ, რომ ვენეცია "გასართობი პარკი" არაა და ტურისტებისთვის ცალკე მარშრუტების გამოყოფა არასწორია.

4. ამსტერდამი, ნიდერლანდები

ფოტო: Getty Images

დეკემბერში ამსტერდამის მერმა განაცხადა, რომ წითელი ფარნების უბნის გაუქმებაზე ფიქრობს, რადგან მთვრალი ტურისტები სექსმუშაკებს შეურაცხყოფას აყენებენ.

5. მაიას ყურე, ტაილანდი

ფოტო: Getty Images

მაიას ყურემ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ფილმი პლიაჟი გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. ფილმის გადაღების მომენტში აქაურობა უკაცრიელი იყო, ახლა კი მზეზე მისაფიცხებელი ადგილის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ.

ტაილანდის ტურიზმის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ამ წელს პლიაჟი ოთხი თვით დაეკეტა, რათა ბუნებას აღდგენის საშუალება მისცემოდა. ამ პერიოდში ვიზიტები მკაცრად კონტროლდებოდა, ნავებს კი პლიაჟთან 400 მეტრზე ახლოს მისვლა ეკრძალებოდათ.

6. მაჩუ პიკჩუ, პერუ

ფოტო: Getty Images

პერუს ტურიზმის კომისიამ ამ წლის დასაწყისიდან ღირსშესანიშნაობის დასაცავად რეგულაციები შემოიღო და სამუშაო საათები დააწესა. შეზღუდვები შეეხო ტურისტული ჯგუფების ზომასაც.

7. დუბროვნიკი, ხორვატია

ფოტო: Getty Images

დუბროვნიკში ტურისტების რაოდენობამ მას შემდეგ იმატა, რაც სერიალი სამეფო კარის თამაშები გამოვიდა. სწორედ აქაა გადაღებული King's Landing-ის (მეფის საბიჯელის) სცენები. ხორვატიაში ტურისტებისა და ადგილობრივების შეფარდება 1380%-ია.

დუბროვნიკს საკრუიზო გემებიც წყალობენ. ხორვატიის დასავლეთ სანაპირომ იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 644 გემი მიიღო, რაც განსაზღვრულზე 50%-ით მეტია.

8. ჰანაუმას ყურე, ჰავაი

ფოტო: Getty Images

გლობალური დათბობა რომ მარჯნის რიფებს აზიანებს, ამაზე, ტრამპის გარდა, ალბათ, არავინ დავობს, თუმცა თუ ბოლო კვლევებს დავუჯერებთ, მზისგან დამცავ სითხეებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები წყალქვეშა ორგანიზმებისთვის არანაკლებ საზიანოა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰანაუმას ყურეში, ოკეანეში, ვიზიტორები ყოველდღიურად საშუალოდ 186 კილოგრამ მზისგან დამცავს ტოვებენ.

ამის გამო ჰავაიზე ოქსიბენზონისა და ოქტინოქსატის შემცველი კრემების გაყიდვა აიკრძალა.

9. ისლანდია

ფოტო: Getty Images

ისლანდიაში თითოეულ მაცხოვრებელზე 5.5 ტურისტი მოდის. ტურიზმის ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედი სიდიდით მეორე ფაქტორია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ ბუმს გვერდითი ეფექტები არ აქვს.

იმის გამო, რომ ოქროს წრესა და რეიკიავიკში უამრავი ტურისტი ჩადის, ისლანდიის ინოვაციების მინისტრმა მარია რეინისდოტირმა გადაწყვიტა, რომ ისლანდიის სხვა რეგიონების პოპულარიზაციის ხარჯზე დედაქალაქში ვიზიტორების რიცხვი შეამციროს.

10. ულურუ, ავსტრალია

ფოტო: Getty Images

მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, ტურისტები ვერ უძლებენ ცდუნებას, რომ ულურუზე აძრომა არ სცადონ. გარდა იმისა, რომ ამით ღირსშესანიშნაობის დაზიანების რისკი იზრდება, კლდეზე ცოცვა ვიზიტორებისთვისაც სახიფათოა. ულურუს ეროვნული პარკის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან ულურეზე აძრომა კანონით დაისჯება.

ულურუზე აცოცებას ამჟამად დღეში 300-500 ადამიანი ცდილობს.

11. ბორაკაის კუნძული, ფილიპინები

ფოტო: Getty Images

ფილიპინების ულამაზესი კუნძული ამ წლის აპრილიდან ოქტომბრამდე დახურული იყო, რათა ბუნებას ტურისტებისგან ამოესუნთქა და პლიაჟი დასუფთავებულიყო. ბორაკაის ნაგვის მართვის სისტემა ტურისტების დიდ რაოდენობაზე არასდროს ყოფილა გათვლილი. პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ კუნძულის მიმდებარე წყლებს "კანალიზაციაც" კი უწოდა.

12. ჩინკვე-ტერე, იტალია

ფოტო: Getty Images

იტალიური ქალაქი ჩინკვე-ტერე კლდეზე შეფენილი ფერადი შენობებითაა ცნობილი. ერთ-ერთი ადგილი კი, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება, მანაროლას სასაფლაოა. ერთ დროს ეს "საიდუმლო გადასახედი" იყო, ამჟამად კი იმდენი ტურისტი ხვდება სასაფლაოზე, რომ ქალაქის მერიამ მოხალისეებს სთხოვა, თვალი ედევნებინათ წესრიგის დამრღვევებისათვის.

13. სანტორინი, საბერძნეთი

ფოტო: Getty Images

საბერძნეთს წელს 32 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. მათ შორის დიდი ნაწილი პოპულარულ კუნძულზე, სანტორინიზე დასასვენებლად იყო ჩასული.

სანტორინიზე ხშირად წყვილები თაფლობის თვის გასატარებლად ჩადიან, თუმცა მათი სიმრავლე წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტის საშიშროებას ქმნის. ამის გამო ხელისუფლებამ კუნძულისკენ მიმავალი ნავების რაოდენობაზე შეზღუდვა დააწესა.

14. კიოტო, იაპონია

ფოტო: Getty Images

მართალია, ტოკიო იაპონიის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, მაგრამ კიოტოსა და დედაქალაქს მხოლოდ 2-საათიანი გზა აშორებს. შესაბამისად, არაშიამას ბამბუკის ტყეებს, შინტოს კარიბჭესა და კიომიზუ ზაკას ქუჩას უამრავი ტურისტი სტუმრობს.

მაცხოვრებლები ვიწრო ქუჩებში ტურისტების სიმრავლით კმაყოფილნი არ არიან. მათ ხშირად რესტორანში მაგიდის დაჯავშნაც კი უჭირთ, რადგან ადგილებს უმეტესად უცხოელები იკავებენ.

15. ბუდაპეშტი, უნგრეთი

ფოტო: Getty Images

მე-19 საუკუნის ქალაქი წვეულებებისთვის იდეალურ ადგილად იქცა, რამაც სიმშვიდისმოყვარულ ბუდაპეშტელებს ძილი დაუფრთხო. აქ მუსიკა შეუსვენებლად ისმის, უგონოდ მთვრალი ტურისტები და დასვრილი სადარბაზოები კი ჩვეულებრივ ამბად იქცა.

ქალაქის მაცხოვრებლების ერთი ნაწილი ცენტრს უბრალოდ გაერიდა, სხვები კი ბარების შუაღამემდე დახურვას ითხოვენ.

16. პირამიდები, ეგვიპტე

ფოტო: Youtube

უძველესი ნაგებობებისთვის პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად პირამიდებთან მისვლა მკაცრად კონტროლდება, თუმცა უფრო და უფრო მეტი ტურისტი არღვევს კანონს.

ბოლო შემთხვევა ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა: შიშველი წყვილი ხეოფსის პირამიდის თავზე მოექცა და საკუთარი სექსი ჩაიწერა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ეგვიპტის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.