ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ჩინურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა China Translation & Publication House-ის მიერ გამოიცა გიორგი კეკელიძის თომას ზღაპრები.

ილუსტრირებული წიგნი 4-დან 10 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ჯუჯა თომაზე შექმნილ ზღაპრებს აერთიანებს.

წიგნი ჩინურ ენაზე ანა გოგუაძემ თარგმნა.

თომას ზღაპრები პირველად 2016 წელის, საქართველოს უნივერსიტეტმა გამოსცა და მალევე გახდა პოპულარული.

"თუ ბავშვობა მართლა იქ მთავრდება, როცა ლოგინის ქვეშ შეხედვის აღარ გვეშინია, მაშინ ფანჯრიდან უნდა მოვისროლო ჩემი საწოლი – თქვა ერთხელ თომამ, ეცადა კიდეც, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და ვერ მოერია. ეჯაჯგურა, ეჯაჯგურა და მერე გაბრაზებული იატაკზე გაიშოტა" - ასე იწყება კეკელიძის წიგნი, რომელიც თითოეული ფურცლის გადაშლისას ბავშვობაში გვაბრუნებს და მეტიც, აქამდე არ არსებულ ზღაპრულ გარემოში გვამოგზაურებს.

წიგნის წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერი მკითხველი პერსონაჟებში ამოიცნობს საკუთარ თავს, მეგობრებს, შეყვარებულსა, თუ ბებია-ბაბუას და შთააგონებს მკითხველს, რამდენად დიდია სიკეთის ძალა.