19 დეკემბერს, პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი რელიგიური ნიშნით დევნის ბრალდებით ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში გ.მ.-სთან რ.კ. მის თანამოაზრე - გ.ფ.-სთან ერთად რელიგიური მოძღვრების და ლიტერატურის გავრცელების მიზნით მივიდა. რელიგიურ თემაზე საუბრისას, გ.მ.-ს კითხვაზე, თუ საიდან იყვნენ ისინი, მათ უპასუხეს, რომ წარმოადგენდნენ იეჰოვას მოწმეებს. პროკურატურის ცნობით, მათმა ნათქვამმა ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში ხელი დაარტყა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.