საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პოლიციის თანამშრომელს ბრალი წაუყენა. საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურის ცნობით, ვინაიდან გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. 115-ე მუხლი გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას, ხოლო და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

პროკურატურა მიმართავს სასამართლოს, გოდერძი თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეუფარდოს პატიმრობა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

საგამოძიებო ორგანო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, თევზაძემ სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა, პოლიციასთან თანამშრომლობას.

პროკურატურის ცნობით, გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, პოლიციელი შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად დემურ სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება. მან სიკვდილის წინ წერილი დაწერა, სადაც დეტალურად აღწერს, თუ როგორ ახდენდა პოლიციელი მასზე ზეწოლას.