სექსუალური შევიწროება საჯარო ადგილზე და შრომითი ურთიერთობებისას კანონმდებლობით დარეგულირდება. დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება შევა შრომით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ცვლილებით, სტამბოლის კონვენციის (ევროსაბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ) შესაბამისად, განისაზღვრება დეფინიცია, რა არის სექსუალური შევიწროება და აქედან გამომდინარე, დადგინდება მისი თავიდან არიდების მექანიზმები.

შრომით ურთიერთობებში მონიტორინგს დამსაქმებელთან ერთად ჩაატარებს სახალხო დამცველი, საჯარო სივრცეში — პოლიცია.

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე ჯარიმებია განსაზღვრული, რასაც გარკვეული გრადაცია აქვს, 300-დან 1 000 ლარამდე.

კანონპროექტი ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია და მიმდინარეობს რიგი საკითხების გადაწყვეტა, მაგალითად, როგორიცაა, პოლიციელთა და გამომძიებელთა გადამზადება.

"სამართალდამცავებს სჭირდებათ ახალი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, როგორ უნდა გამოიყენონ ეს კანონი და მეორე, ამ მიმართულებით მგრძნობელობის გაზრდა, რაც არის სამართლებრივ ცნობიერებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი", — ასე განმარტავს გამომძიებელთა გადამზადების მეთოდს, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია.

მისივე თქმით, დგას რიგი გამოწვევები მტკიცებულებათა შეგროვების კუთხით, რადგან კანონით, სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ვერ ამოიღებენ ან ვერ დაამონტაჟებენ ვიდეო-კამერებს.

"ვინაიდან სექსუალური შევიწროების ადგილი განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ცხადია, ვერ ამოვიღებთ კამერებს. სისხლის სამართლის კოდექსით, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზეც კი ასეთი უფლებამოსილება სამართალდამცავ უწყებებს არ აქვთ", -— ამბობს ლონდა თოლორაია. იგი განმარტავს, რომ მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს ყველა იმ პირის ახსნა-განმარტებით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იქნებიან. შსს-ს წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ მნიშვნელოვანია, ინფორმაციის დროულად მიწოდება სამართალდამცავი უწყებისთვის, რათა დანაშაულის დადასტურების შანსი გაიზარდოს.

სექსუალურ შევიწროების ფაქტის დადასტურებისას, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და არა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ ოქმს შეადგენს.

ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ კანონპროექტი ისეთია, როგორიც მათ სურდათ რომ ყოფილიყო:

"ტრანსპორტში და სხვაგან შესაძლებელი იქნება პატრულის გამოძახება", — ამბობს ბაია პატარაია და აღნიშნავს იმასაც, რომ ცვლილების მიღების შემდეგ მიმართვიანობის გასაზრდელად საზოგადოებაში უნდა დაიწყოს განხილვები:

"თუ კანონი არის, მაგრამ მას არავინ იყენებს, ეს იქნება მკვდარი მუხლი. მიმართვიანობა საფარში მაგალითად, ჩემს ორგანიზაციაში, უკვე გაზრდილია, თუ ორი წლის წინ ჩვენ ვეძებდით სექსუალური შევიწროების საქმეებს, ახლა უკვე თვითონ რეკავს ხალხი. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონმდებლობა იქნება მუშა".

სექსუალური შევიწროება შრომითი ურთიერთობებისას

სამუშაო სივრცეში მომხდარი სამართალდარღვევისთვის სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება სავალდებულო იქნება. როგორც სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე განმარტავს, კერძო კომპანია, სადაც მოხდა სექსუალური შევიწროების ფაქტი, ვალდებული იქნება უპასუხოს სახალხო დამცველის რეკომენდაციას.

"საქართველოში სექსუალური შევიწროების მასშტაბები არის საკმაოდ დიდი. საზოგადოების ცნობიერება და მიმართვიანობა უწყებისადმი კი საკმაოდ დაბალი", — ამბობს ეკა სხილაძე On.ge-სთან საუბრისას.

დღეს, 19 დეკემბერს გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო ფორმატში, ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნო ცვლილებათა პაკეტი. კანონპროექტმა კონსულტაციები უკვე გაიარა აღმსრულებლებთან, სახალხო დამცველთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, არაფერი არ უდგას წინ იმას, რომ საგაზაფხულო სესიაზე შეიტანონ ინიციატივა და დაიწყოს საპარლამენტო განხილვა.