საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საფრანგეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ცნობით, უწყება მუშაობს, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპის ქვეყნებში დასაქმება შეძლონ.

"საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ახალგაზრდებს უფლება ექნებათ დასაქმების მიზნით, საფრანგეთში დროებითი ბინადრობის უფლება მიიღონ.

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალი 2018 დილიდან განახლდა. 19 დეკემბრის სესიაზე ქვეყნების წარმომადგენლები ევროინტეგრაციის საკითხზე იმსჯელებენ.

რას მოაწერა ხელი საფრანგეთმა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმატებით, ამ შეთანხმებით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობა აიღობ. ეს მოწმობები გაიცემა მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით.

შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში.

ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკიტხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები. შეთანხმების მიხედვით, წელიწადში ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე - 500 კვოტა ჯამში.

IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით.

2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საგარეო უწყების ცნობით, ისინი მუშაობენ გერმანიასთან აღნიშნულ საკითხზე.

ამ კუთხით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან.

გაიგე მეტი: