შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ვ.მ. უწყების ცნობით, იგი გარდაბნის რაიონში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან, დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

17 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, დავით კირკიტაძე დააკავეს. კიკრიტაძეს ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დრო პოლიციელზე თავდასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ქონების დაზიანება ედება ბრალად. პოლიტიკოსი დანაშაულს არ აღიარებს და შიმშილობს.

დაპირისპირება ველისციხეში

16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად ხმაური იყო თბილისი-კახეთის გზაზე. ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და პოლიცია დაუპირისპირდა. სოფელ ველისციხეში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას გზა გადაუკეტა პოლიციამ და თელავში ჩასასვლელად ყვარლის შემოვლითი გზით წასვლა ურჩია. ამ გზაზე ოპოზიციას ავტობუსები ელოდებოდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თელავის მერიის მიერ პროტესტისთვის განსაზღვრულ ადგილზე გადაიყვანდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციით, შსს-მ შეზღუდა კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლება. შსს-სა და ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ერთხმად აცხადებდნენ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო და მათთვის თელავში ჩამოსვლა და აქციის ჩატარების უფლება არავის შეუზღუდავს. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ, როგორც პოლიციელები ისე აქციის მონაწილეები.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის დაგეგმილი აქცია არ ჩატარდა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ 18 დეკემბრიდან "უწყვეტი" აქციები დასანონსა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოპარული არჩევნების შემდეგ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები შეზღუდა.