გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ძალა ერთობაშიას მართვის ცენტრი გურჯაანში გადააქვს. სწორედ ამ ქალაქში უნდა ჩატარდეს ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ისინი დარჩებიან გურჯაანის სასამართლოსთან იქამდე, სანამ დავით კირკიტაძის პროცესი არ დასრულდება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კირკიტაძისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. სასამართლო სხდომა, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს ბრალის წარდგენიდან 24 საათში იმართება.

17 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე დააკავეს. ის ბრალდებას არ აღიარებს და შიმშილობს.

დაპირისპირება ველისციხეში

16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად ხმაური იყო თბილისი-კახეთის გზაზე. ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და პოლიცია დაუპირისპირდა. სოფელ ველისციხეში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას გზა გადაუკეტა პოლიციამ და თელავში ჩასასვლელად ყვარლის შემოვლითი გზით წასვლა ურჩია. ამ გზაზე ოპოზიციას ავტობუსები ელოდებოდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თელავის მერიის მიერ პროტესტისთვის განსაზღვრულ ადგილზე გადაიყვანდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციით, შსს-მ შეზღუდა კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლება. შსს-სა და ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ერთხმად აცხადებდნენ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო და მათთვის თელავში ჩამოსვლა და აქციის ჩატარების უფლება არავის შეუზღუდავს. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ, როგორც პოლიციელები ისე აქციის მონაწილეები.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის დაგეგმილი აქცია არ ჩატარდა.

18 დეკემბრიდან გაერთიანებული ოპოზიცია "უწყვეტ" აქციებს აანონსებს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოპარული არჩევნების შემდეგ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები შეზღუდა.

ამავე თემაზე: