შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პირი.

უწყების ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, 1995 წელს დაბადებულმა პირმა სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა და დაზიანება მიაყენა.

"მანდატურებმა ეს პირი სასამართლოს ეზოში შეაჩერეს. აღნიშნული პირი პოლიციამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გადაიყვანა", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. მხარეებმა ერთმანეთს ბოთლები დაუშინეს და რამდენიმე პირმა კი მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გამოაცხადა. ხუთივე ბრალდებული მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნეს.

  • გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით;
  • იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;
  • ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა;
  • ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ამასთან, ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.