გერმანიის დედაქალაქში, ზამთრის დადგომასთან ერთად უსახლკაროების დასახმარებლად სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციები მომრავლდა. ერთ-ერთ ესეთი აქციას "თბილი ზამთარი" ეწოდება.

აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს შეუძლიათ შეიძინონ სპეციალური ჟეტონი, რომელსაც უსახლკაროებს აჩუქებენ, ისინი კი მას ტანსაცმლის მაღაზიაში, სხვადასხვა საკვებ ობიექტში და სილამაზის სალონში სასურველ პროდუქტზე გადაცვლიან.

მოქმედების პრინციპი მარტივია: ყიდულობთ თქვენთვის შაურმას, იქვე იხდით მეორე შაურმის ფულსაც და გაძლევენ სპეციალურ ჟეტონს, რომელსაც შემდგომ, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ უსახლკაროს აჩუქებთ.

თავის მხრივ, ამ ჟეტონის მფლობელს შეუძლია ამავე ჟეტონით სხვადასხვა სახის პროდუქცია შეიძინოს. მათ შორის, საკვები, ტანსაცმელი და დალაქთან ვიზიტიც. აქციას უკვე შეურთდა ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი C&A. ასევე, სწრაფი კვების ქსელი Mustafa's Gemüse Kebap და კიდევ რამდენიმე სილამაზის სალონი.

ეს არ არის ერთადერთი აქცია, რომელიც გერმანიაში უსახლკაროთა დასახმარებლად იმართება. წინა კვირაში ბერლინის ღამის რამდენიმე კლუბის გადაწყვეტილებით, ზამთრის ცივ დღეებში უსახლკარო ადამიანების შეიფარეს.

ნოემბერში, ასევე, ცნობილი გახდა ფრანკფურტელი დიზაინერის შესახებ, რომელიც უსახლკაროების სპეციალურ ქურთუკებს კერავს, რომელიც მარტივად ტრანსფორმირდება კარვად. დიზაინერი ქურთუკის შესაკერ მასალად ქოლგებს იყენებს, რომელიც მფლობელებს საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში დარჩათ.