სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების საააგენტოს ერთიან სისტემაში დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ პირთა უფლებების დაცვის კუთხით. განცხადება ომბუდსმენმა დღეს, 22 აპრილს, გაავრცელა.

ომბუდსმენი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას იშველიებს, რომლის თანახმად, 2015 წლის მონაცემებით, თებერვალში სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებული 1 022 შშმ პირიდან მხოლოდ 12 დასაქმდა, ხოლო აპრილში დარეგისტრირებული 1 170 შშმ პირიდან - 18. რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, თებერვალში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული 1 689 შშმ პირიდან მხოლოდ 21-ია დასაქმებული.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შშმ პირების დასაქმების ვალდებულებას ჯეროვნად ვერც საჯარო სექტორში ასრულებს. საჯარო სამსახურის ბიუროს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული 53 109 პირიდან მხოლოდ 12-ია შშმ პირი.

უჩა ნანაუაშვილი განმარტავს, რომ მიუხედავად სახელმწიფოს დეკლარირებული ნებისა, უზრუნველყოს შშმ პირების დასაქმება, იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო სამართლებრივი გარანტიები, ასევე პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო, აღნიშნული პირების შრომის უფლებები სათანადოდ არ რეალიზდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაეროს კონვენციის თანახმად, შშპ პირებისათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის, შრომით ბაზარზე მათი დასაქმების, სამსახურებრივი წინსვლის შესაძლებლობის, სამუშაოს მოძიების უზრუნველყოფა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებაა.