მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შსს-ს ხუთივე ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნეს, სამართლიანია.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილების გამო. ჩემთვის გაუგებარია აი აქ რაც მოაწყეს ეს წივილ-კივილი, ნეტა ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, ხუთი წელი კი არა ოცი წელი hქონდეს მისჯილი", — განაცხადა ია მეტრეველმა სასამართლო სხდომის შემდეგ.

მეტრეველი სასამართლოზე მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოძალადე რეჟიმმა ისევ წარმოაჩინა თავი.

"მე 15 წელია ვიბრძვი სამართლიანობისთვის, მინდა დღევანდელი დღე მივულოცო საზოგადოებას მე ვთვლი, რომ დღეიდან დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი", — განაცხადა მეტრეველმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. ხუთივე ბრალდებული მაღალჩინოსანი სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავედ სცნეს:

  • გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით;
  • იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით;
  • ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა;
  • ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ამასთან, ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.