ზომბები და მათგან გამოწვეული აპოკალიფსი ფანტასტიკის სფეროა და ცხადია არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ოდესმე დედამიწას მოსიარულე და კანიბალი გვამები შემოესევიან. თუმცა არსებობს სხვადასხვა ეპიდემიისა და მომაკვდინებელი ინფექციების გავრცელების საფრთხე.

კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიმულაციის საშუალებით დაადგინეს, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი, ზომბი ან ნებისმიერი სხვა აპოკალიფსის შემთხვევაში, ის რეგიონებია სადაც ყველაზე ნაკლები ხალხი ცხოვრობს. ცხადია, ამ დასკვნამდე მისასვლელად სამეცნიერო კვლევები და სიმულაციები იყო საჭირო, თორემ აბა ისე როგორ მივხვდებოდით, რომ თუ არ გინდა მოსიარულე მკვდარმა შეგჭამოს ან რამე ვირუსი გადაგედოს ხალხმრავალ ადგილებსა და მჭიდრო დასახლებებს უნდა გაერიდო.

ასეთი სამეცნიერო დასკვნები შეიძლება ვიღაცას მართლაც სჭირდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სამეცნიერო, სასულიერო, მეგობრული და სხვა მსგავსი რჩევების მიუხედავად მაინც იყენებენ ლეღვის ნახარშს და ყოველ ზაფხულს თავს იწვავენ. ჰოდა, სწორედ ამ ადამიანებს უნდა მოვუწოდოთ, რომ თუ ზომბი აპოკალიფსი დაიწყო, სჯობს მთებს და სოფლებს შეაფაროთ თავი. როგორც იცით, საქართველოში ერთიც დაცლილია და მეორეც.