BBC-ის ინფორმაციით, ქალაქ ადენში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შემთხვევას, სულ მცირე, 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება სასწავლო ბანაკში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

17 თვეა იემენში ამბოხებულებსა და საუდის არაბეთის მომხრეებს შორის ომი მიმდინარეობს, რომელსაც გაეროს ინფორმაციით, 6 600 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ასევე, ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი 2,5 მილიონია.

თავდამსხმელის ვინაობა უცნობია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა. აჯანყებულები აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთი მათზე თავდასხმებს შეწყვეტს.

მშვიდობიანი მოლაპარაკების უკანასკნელი მცდელობა ქუვეითში თვის დასაწყისში ჩაიშალა. საუდის არაბეთი იემენის ფინანსურ და სამხედრო მხარდამჭერად მეზობელ ირანს ასახელებს, რასაც ირანი უარყოფს.