ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციამ კახეთში დააკავა. აღნიშნული ფაქტი On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. კირკიტაძე პოლიციამ მაშინ აიყვანა, როცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კახეთში პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაშავებულების მოსანახულებლად მიდიოდნენ.

"საქართველოში მყარდება რუსული დიქტატურა. იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის სახედაკარგული პოლიცია, შეშინებული", — განაცხადა დავით კირკიტაძემ დაკავებისას.

ოპოზიციის ლიდერი და ველისციხეში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას გულისხმობს.

დავით კირკიტაძის სახლთან თბილისში პოლიცია დილით მივიდა. ისინი რამდენიმე წუთის მანძილზე პოლიტიკოსის სახლთან იდგნენ, თუმცა შემდეგ სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს.

მოგვიანებით, შს მინისტრის მოადილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების გამო დაწყებულია გამოძიება და კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები სწორედ ამიტომ მივიდნენ.

მისივე თქმით, დავით კირკიტაძე პოლიციელს თავს დაესხა და ასევე, ადგილი ჰქონდა ნივთის დაზიანებას.

დაპირისპირება ველისციხეში

16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად ხმაური იყო თბილისი-კახეთის გზაზე. ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და პოლიცია დაუპირისპირდა. სოფელ ველისციხეში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას გზა გადაუკეტა პოლიციამ და თელავში ჩასასვლელად ყვარლის შემოვლითი გზით წასვლა ურჩია. ამ გზაზე ოპოზიციას ავტობუსები ელოდებოდნენ, რომლებიც აქციის მონაწილეებს თელავის მერიის მიერ პროტესტისთვის განსაზღვრულ ადგილზე გადაიყვანდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციით, შსს-მ შეზღუდა კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლება. შსს-სა და ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ერთხმად აცხადებდნენ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო და მათთვის თელავში ჩამოსვლა და აქციის ჩატარების უფლება არავის შეუზღუდავს. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ, როგორც პოლიციელები ისე აქციის მონაწილეები.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის დაგეგმილი აქცია არ ჩატარდა.

18 დეკემბრიდან გაერთიანებული ოპოზიცია "უწყვეტ" აქციებს აანონსებს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოპარული არჩევნების შემდეგ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები შეზღუდა.