თუ საღამოს აქტიურ დასვენებას არ აპირებ, მაშინ შინ დაბრუნებულმა შენი და გარშემომყოფების სადღესასწაულო განწყობაზე მარტივად შეგიძლიათ იზრუნო. მართლაც, დეკემბრის გრძელი ორშაბათის შემდეგ, რა დაგეხმარება განტვირთვაში საშობაო სიმღერებზე უკეთ?

რადგან საახალწლო განწყობის ასამაღლებელი 10 სიმღერა ერთხელ უკვე შემოგთავაზეთ, ამჯერად არჩევანი სხვა მუსიკაზე შევაჩერეთ და ეს ფლეილისტი მოგიმზადეთ. აქ არ შეგხვდებათ მერაია ქერის საშობაო ჰიტი ან Jingle Bells, მაგრამ ძველ კლასიკასთან ერთად, უცნობი სიმღერები და საყვარელი ფილმის საუნდტრეკები შეიძლება აღმოაჩინოთ.

რჩევა: თუ შინ სინათლეს ჩააქრობ და საახალწლო განათებების მქრქალ შუქზე დასვენებას მოიწყობ, სახლში სადღესასწაულო აურა ერთი ორად გაიზრდება.

1. ჯონ უილიამსი - Somewhere in My Memory

პირველივე ნოტებიდან უჩვენოდაც მიხვდები, რომელი ფილმის საუნდტრეკია.

2. არეტა ფრანკლინი - Silent Night

1818 წელს ავსტრიაში დაწერილი საშობაო კლასიკა იუნესკომ ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. მისი ინგლისური ვერსია პირველად 1858 წელს ნიუ-იორკელმა მღვდელმა თარგმნა. სწორედ აღნიშნული ვერსიაა გავრცელებული დღეს და მას არეტას ჯადოსნური ხმა კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის. საშობაო ტალღაზე მყოფმა რედიოჰედის ფანებმა ტომ იორკის მიერ შემოთავაზებული მეშაპიც შეგიძლიათ მოისმინოთ.

3. ლაშა თოფურია და უჩა მეტრეველი - Worse Than A Crime

ლაშა თოფურიას მიერ შესრულებული Worse Than A Crime იმ სიმღერათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა ადამიანმა არ იცის, ამიტომ, შეგვიძლია, ჩვენი საიდუმლო იყოს. სიმღერა თავისი ორიგინალური ვიდეოთი 2012 წელს გამოჩნდა YouTube-ზე.

4. Soft Eject - Please Just Carry On

ქართული ჯგუფის ჰიტი 1994 წელს შეიქმნა. ალბათ რთულია ქართველი მელომანის პოვნა, რომელიც ახალ წელს ამ სიმღერის გარეშე ატარებს.

5. Sia - Santa Coming For Us

ავსტრალიელი მუსიკოსის Sia-ს 2017 წლის სიმღერა და კლიპი თქვენს სახლში აუცილებლად შექმნის სადღესასწაულო განწყობას. მასში Stranger Things-ისა და It-ის მსახიობებსაც მოკრავთ თავს.

6. ბინგ კროსბი - I'll Be Home For Christmas

სიმღერის ორიგინალი ბინგ კროსბისთვის შეიქმნა, რომლის ხმის გარეშეც ამერიკისთვის შობის დადგომა დღემდე წარმოუდგენელია. I'll Be Home For Christmas [შობას სახლში ვიქნები] 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწერა და იმ ჯარისკაცებს მიეძღვნა, რომლებიც ოკეანეებს გადაღმა იმყოფებონენ და შობის სახლში გატარებაზე ოცნებობდნენ.

7. ჯუდი გარლანდი - Have Yourself a Merry Little Christmas

სიმღერა 1944 წელს ჰიუ მარტინმა და რალფ ბლეინმა დაწერეს, რომელიც იმავე წელს გამოსულ მიუზიკლში Me in St. Louis ჯუდი გარლანდმა შეასრულა. 45 წლის შემდეგ, მარტინმა სიმღერის შექმნის ისტორია გაიხსენა და თქვა, რომ ახალდაწერილი მელოდიის ნოტებიც 3-4 დღის შემდეგ გადააგდო. საბედნიეროდ ის ერთხელ უკვე მოსმენილი ჰქონდა რალფს და სწორედ მან აიძულა მარტინს ნაგვის ყუთში ქექვა და ნოტების მოძებნა. მოგვიანებით, წყვილმა სიმღერის ტექსტი მიუზიკლისთვის ერთად დაწერა.

Have Yourself a Merry Little Christmas, ტექსტის შეცვლილი ვერსიით, მოგვიანებით ფრენკ სინატრამაც შეასრულა, რომელიც ორიგინალის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქავერია.

8. პერი კომო - (There's No Place Like) Home for the Holidays

1954 წლის ეს სიმღერა მათთვისაა, ვისთვისაც სახლი საუკეთესო ადგილია არდადეგების გასატარებლად. ასეთ ადამიანებად შეგვიძლიათ მოვიაზროთ დოროთი ოზის სამყაროდან და ელისი საოცრებათა ქვეყნიდან, რომლებიც საოცარ ადგილებზე ოცნებობენ, თუმცა საბოლოოდ სახლში დაბრუნებას არაფერი ურჩევნიათ.

9. ლანგ ლანგი - The Nutcracker Suite

ჩაიკოვსკის მაკნატუნა წელს გამოსულ დისნეის ფილმში The Nutcracker and the Four Realms-ში გაჟღერდა. ჩინელი პიანისტის ლანგ-ლანგის შესრულებული კომპოზიციის მოსმენისას, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელს ელოდეთ.

10. ნათ კინგ კოლი - The Christmas Song

1945 წელს დაწერილი სიმღერა პირველად ნათ კინგ კოლის ტრიომ შეასრულა. 1961 წელს კოლმა სიმღერის ორკესტრთან შესრულებული ვერსია ჩაწერა, რომელიც 2004 წელს სეზონის ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო 30-დან 49 წლამდე ქალებში.

ამ სიმღერების [არც ისე ბევრჯერ] მოსმენის შემდეგ, შეგიძლიათ უკვე თავდაჯერებულად გააკეთოთ ტესტი და გაიგოთ, რამდენად სწორად გახსოვთ ცნობილი საახალწლო სიმღერები.