ნატალი პორტმანმა Late Night-ში სტუმრობის დროს აღიარა, რომ სამი წლის განმავლობაში თავისი ნათესავის ნაცვლად, მესიჯებს მერილ სტრიპს უგზავნიდა და ებრაულ საოჯახო დღესასწაულზე ეპატიჟებოდა.

როგორც ნატალი ყვება, მის ბიძაშვილი, რომელსაც ასევე მერილი ჰქვია, ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად.

"ჩემს ბიძაშვილს ბოლო სამი წლის განმავლობაში ვწერდი მესიჯს და საოჯახო დღესასწაულზე ვიწვევდი. მისგან პასუხი არ მომდიოდა. უკვე ვნერვიულობდი, ვფიქრობდი რამე ხომ არ ვაწყენინე", - ყვება ნატალი.

სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ნატალიმ, რომ სინამდვილეში სამგზის ოსკაროსან მერილ სტრიპს სწერდა.

"გადავწყვიტე, შემემოწმებინა, სწორად ვწერდი თუ არა მესიჯებს და აღმოვაჩინე, რომ ტელეფონში ორი მერილის ნომერი მქონდა და შეცდომით, ოჯახურ დღესასწაულზე მოსვლას მერილ სტრიპს ვთხოვდი. მაშინვე დავურეკე და ავუხსენი, რაც მოხდა", - სიცილით იხსენებს ნატალი პორტმანი.

მოგვიანებით, როგორც ნატალი ამბობს, მისმა ბიძაშვილმა, რომელიც ილუსტრატორია, ეს სახალისო ისტორია დახატა და პორტმანს აჩუქა.