აბსოლუტური თავისუფლება ბუნებაში არსად არსებობს. თანამედროვე ადამიანები თავისუფლებას ჩვენი ცხოვრების უმთავრეს მონაპოვრად მოვიაზრებთ და მისი ყველა სიკეთით ყოველდღე ვსარგებლობთ. დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ყველა ადამიანს აქვს ბუნებისგან მინიჭებული არჩევანის, გამოხატვისა და რწმენის (და ა.შ) თავისუფლება. ეს უფლებები ხელშეუხებელია და მას კანონი იცავს, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩანაწერი იმდენადვე ბუნდოვანია, რამდენადაც ხვალინდელი ამინდის პროგნოზი.

უაღრესად ტექნოლოგიზირებულ სამყაროში სოციალური კაპიტალის გაუფასურებამ გამოიწვია ის, რომ დღეს ადამიანებს აღარ რჩებათ არც დრო და არც ენერგია ფიქრისთვის. თუკი არ გჯერათ ჩემი, საკუთარ თავს კითხეთ — რამდენად ხშირად გიფიქრიათ ზემოთ ხსენებული საკონსტიტუციო ჩანაწერის შინაარსის შესახებ? რატომღაც მჯერა, რომ ბევრჯერ არა. ასე რომ არ იყოს, ხომ გაჩნდებოდა ბევრ სხვადასხვა ადგილას უამრავი კითხვა, თუ რას ნიშნავს რეალურად “არჩევანის”, “გამოხატვისა” და “რწმენის” თავისუფლება? ან თავად “თავისუფლება” რას გულისხმობს?

ჩვენი თავისუფლება — ეს არის გალიაში დამწყვდეული ცხოველი, რომელსაც უფლება მისცეს ერბინა, მაგრამ არა იქ და იმდენი, სადაც და რამდენიც მას სურდა.

თავისუფლების ცნების შესახებ მრავალი მოაზროვნე სხვდასხვა დროში განსხვავებულ აზრს ავითარებდა. თანამედროვე სამყაროში ყველაზე მეტად თავისუფლების ცნების მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის მიჯნაზე ჩამოყალიბებული კონცეფცია ბატონობს, რაც თავისუფლებას განმარტავს როგორც უფლებას, რომელიც შეუზღუდავია მანამ, სანამ მისი მოქმედებით სხვა ადამიანის უფლებები არ ირღვევა. ასე ვიცნობთ ჩვენ თავისუფლების განმარტებას და, ნებსით თუ უნებლიეთ, მის აღსრულებაზე ხელმომწერებიც ვართ.

პარადოქსულია, რომ თავისუფლება სწორედ ისე გვესმის, როგორც უკვე აღვნიშნეთ და მის აღსრულებაზეც თავს ვდებთ, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც უტიფრად ვატყუებთ. ამ ოპ-ედში მე არ და ვერ ვიქნები აბსოლუტური თავისუფლების მეხოტბე, რადგან არ მსურს გადავეშვა უსაგნო მსჯელობაში, თუმცა ერთს კი ვიტყვი — ის, რასაც ჩვენ კაცობრიობის მთავარ მონაპოვრად მივიჩნევთ, სინამდვილეში უდიდესი სიცრუეა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ თავისუფლები, ვგულისხმობთ, რომ საკუთარ ცხოვრებას ისე განვკარგავთ, როგორც თავად გვსურს. ვიღვიძებთ მაშინ, როცა გვინდა. ვიძინებთ მაშინ, როცა ამის სურვილი გვაქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი არჩევანია. გვჯერა ამ დიდი ტყუილის და ისე, რომ ვერც ვაცნობიერებთ, ამით ვტკბებით.

თავისუფლება, ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ ყველას გვგონია, მაგრამ არა ისეთი ბორკილებდადებული, როგორიც მოგვწონს. ჩვენი თავისუფლება არაფრით განსხვავდება პატიმრის თავისუფლებისგან. გისოსებს მიღმა დამწყვდეულ ადამიანსაც აქვს უფლება დადგენილ დროს ციხის ეზოში გაისეირნოს, სიგარეტი მოწიოს და საპირფარეშოთი ისარგებლოს. ერთი კი ისაა, რომ ჩვენ უფრო მეტი სივრცე გვაქვს, ვიდრე მათ. სხვა არაფერი განსაკუთრებული სიკეთე ჩვენი ნაქები თავისუფლებისგან არ გაგვაჩნია. სინამდვილეში ჩვენც საპყრობილეში დამწყვდეული პატიმრები ვართ, რომლებსაც ჩვენივე არჩეულმა პოლიტიკოსებმა თავისუფლება ისე ოსტატურად შეუზღუდეს, რომ პრეტენზიაც არ გამოგვითქვამს. ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც ხმას იღებს, თანაც იმდენად ცოტა, რომ მარტივად იკრავენ გიჟის იარლიყს.

თავისუფლების მთავარი ღირსება ის კი არაა, შენივე სიკეთისთვის ბორკილები გედოს, არამედ ის, რომ უკიდეგანო სივრცეში აღვირის გარეშე იყო მიშვებული და გზას შენით იკვლევდე სიკეთისაკენ.

ჩვენი თავისუფლება — ეს არის გალიაში დამწყვდეული ცხოველი, რომელსაც უფლება მისცეს ერბინა, მაგრამ არა იქ და იმდენი, სადაც და რამდენიც მას სურდა. სოლიდურ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილმა ელიტამ, რომელიც სხვა ადამიანებზე მაღლა აყენებს თავს, თავის თავზე აიღო ეს “უმძიმესი” საქმე და ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, მოქცევის წესები დაგვიდგინა. ამ ამბავში ყველაზე დრამატული კი ისაა, რომ ეს ელიტა ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს. ისინი გვეუბნებიან, რომ თავისუფლება არსებობს ისეთი, როგორიც მათ სურთ და ყველაფერს ისე ფუთავენ, თითქოს ჩვენზე ზრუნავენ. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანის თავისუფლება, მაგრამ მხოლოდ მათ მიერ დადგენილ საზღვრებში. გვეუბნებიან, რომ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მხოლოდ იმ სიხშირით, რომელსაც თავად განსაზღვრავენ. არადა, არჩევანის თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ ადამიანი ბოლომდე თავისუფალია ნებისმიერი სახის არჩევანში.

თავისუფლების მთავარი ღირსება ის კი არაა, შენივე სიკეთისთვის ბორკილები გედოს, არამედ ის, რომ უკიდეგანო სივრცეში აღვირის გარეშე იყო მიშვებული და გზას შენით იკვლევდე სიკეთისაკენ. სხვის მიერ დაგეგმილი შენი ცხოვრება არაფრით განსხვავდება ნებაყოფლობითი მონობისაგან. თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, არის მორალისთვის დადგენილი უზენაესი წესი, მორალი კი ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა ინტერპრეტირების საგანია. ჩვენ კანონებს გვიდგენენ არამხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთისგან დაგვიცვან, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავებისგან დაგვიცვან, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ უგუნურ არსებებად გვთვლიან. ჩვენ გვიკრძალავენ მარიხუანას მოწევას, რადგან ჩვენი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ გვიკრძალავენ ღვედის გარეშე საჭის მართვას, რადგან სიცოცხლისთვის საშიშია. და თუ არ დავემორჩილეთ, კანონით გვსჯიან. რა არის ეს, თუ არა არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა?

საზოგადოებამ ხელისუფლებებს მხოლოდ ერთი მისია დააკისრა — დაეცვა ადამიანები ერთმანეთის თავდასხმებისგან და საკუთრების უფლების ხელყოფისგან.

რეალური თავისუფლების იდეა საკუთრების უფლებაზე გადის, რომელიც არამხოლოდ ქონების ფლობით განისაზღვრება. საკუთრება — ეს არის უფლება, რომელიც თანაბრად ვრცელდება, როგორც ქონებაზე, ისე საკუთარ თავზე. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარ თავს ის გაუკეთოს, რაც მას მოესურვება. სწორედ ეს არის თავისუფლების ამოსავალი დებულება — ფლობდე საკუთარ თავს. ვერცერთი კანონი ადამიანის ამ უფლებას ბოლომდე ვერ შეზღუდავს, რადგან ჩვენ მაინც ვიპოვით გზას, გავაკეთოთ ის, რაც გვსურს ისე, რომ სხვა არ დავაზარალოთ. ჩვენი საზოგადოება იმდენად დაკნინდა, რომ უკვე პოლიტიკოსებისგან ელის მითითებებს, თუ როგორ იცხოვრონ. ხოლო თუ ვინმე გაბედავს და არსებულ წესრიგს შეეწინააღმდეგება ან გიჟად ინათლება, ან კრიმინალად.

ჩვენ ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, როცა სხვის მიერ მოწყობილი წესრიგით ვცხოვრობთ. რეალური თავისუფლების წართმევა და მისი კანონით დარეგულირება, მარწუხებში მოქცევა და საკუთარი თავის მოტყუება უფრო დიდი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ. თავისუფლების შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მოქმედება საზოგადოების ერთ ან მეტ წევრს რაიმე სახის ზიანს აყენებს. საზოგადოებამ ხელისუფლებებს მხოლოდ ერთი მისია დააკისრა — დაეცვა ადამიანები ერთმანეთის თავდასხმებისგან და საკუთრების უფლების ხელყოფისგან. ხელისუფლების მოვალეობა მხოლოდ ეს უნდა იყოს და არა ჩემი საკუთარი თავისგან დაცვა.

თავისუფლების არსებობას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ვრცელდება ისე, როგორც ზემოთ მოგახსენეთ. თუკი სახელმწიფოში პიროვნება არ არის თავისუფალი ნებისმიერ არჩევანში, თუნდაც ეს მისთვის საზიანო იყოს, მაშინ არც სახელმწიფო შეიძლება იყოს თავისუფალი, რადგან არ არსებობს მთელი - პატარ-პატარა ნაწილების გარეშე. სხვა ყველა სახის თავისუფლების განმარტება ბუტაფორია და თავის მოტყუებაა.