ძალა ერთობაშიას ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანების ლიდერები შეკრებას და სამომავლო გეგმებზე შეთანხმებას აპირებენ, ხვალ, 17 დეკემბერს კი ინფორმაციას გაავრცელებენ. ამის შესახებ მან პარლამენტის შენობასთან განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანების ლიდერები პარლამენტის შენობასთან დარჩენას არ აპირებენ, რადგან სამომავლო გეგმებზე უნდა იმსჯელონ, მათ მხარდამჭერებს კი შეუძლიათ, თუ სურვილი აქვთ, რუსთაველის გამზირზე ღამე გაათენონ.

ვაშაძემ ისაუბრა პარლამენტთან შეკრების მიზეზებზეც. მისი თქმით, მიზანი იყო გაეგოთ, რომ მათი მხარდამჭერები, ყველა კარგად იყო.

გიორგი ვაშაძემდე ჟურნალისტებთან ისაუბრა გრიგოლ ვაშაძემაც. მისი თქმით, არსებობს სამი გეგმა, რომელზეც ლიდერები მსჯელობენ.

დღეს, 16 დეკემბერს, როცა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ინაუგურაცია იმართებოდა, ოპოზიციამ აქცია დაგეგმა. თელავისკენ მიმავალ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს გზა ავტობუსებითა და მანქანებით ჩახერგელი სოფელ ველისციხესთან დახვდათ. ისინი ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გადაადგილების უფლებას უზღუდავდა, უწყება კი განმარტავდა, რომ შეზღუდვების შესახებ წინასწარ აცნობეს მათ. ოპოზიცია გზის გახსნას რამდენიმე საათი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.