გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, აქციები გაგრძელდება. ამის შესახებ მან კახეთიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

მისი თქმით, მათ აქვთ სამი გეგმა, საიდანაც თათბირის შემდეგ ერთ-ერთს ამოარჩევენ. მან განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან ღამეს გაათენებენ.

ვაშაძემ ისაუბრა კახეთში ინაუგურაციის დროს დაგეგმილ აქციაზეც. მისი თქმით, ის და მისი მხარდამჭერები აპირებდნენ მშვიდობიან აქციას, თუმცა დახვდათ "კბილებამდე შეიარაღებული" რაზმები.

დღეს, 16 დეკემბერს, როცა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ინაუგურაცია იმართებოდა, ოპოზიციამ აქცია დაგეგმა. თელავისკენ მიმავალ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს გზა ავტობუსებითა და მანქანებით ჩახერგელი სოფელ ველისციხესთან დახვდათ. ისინი ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გადაადგილების უფლებას უზღუდავდა, უწყება კი განმარტავდა, რომ შეზღუდვების შესახებ წინასწარ აცნობეს მათ. ოპოზიცია გზის გახსნას რამდენიმე საათი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

თელავში დაგეგმილი აქციის ჩაშლის შემდეგ ოპოზიციამ მხარდამჭერებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა.