თელავისკენ მიმავალ ოპოზიციასა და მათ მხარდამჭერებს გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რამდენჯერმე ჩაუხერგეს, სანაცვლოდ კი ალტერნატიული გზა და ტრანსპორტი შესთავაზეს. საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციის დაგეგმილი აქცია არ ჩატარდა.

ფოტოზე, რომელიც On.ge-ს ჟურნალისტმა სოფელ ველისციხესთან გადაიღო, ჩანს, რომ გზა გადაკეტილია სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანითაც. ამ ადგილზე ჟურნალისტმა რამდენიმე ფოტო გადაიღო, ერთი აქციის მონაწილეების მისვლამდე და მეორე — მათი მიახლოების შემდეგ.

ფოტოზე ასახული მომენტის მიხედვით ჩანს, რომ სახანძრო სამსახურის მანქანას მანევრის შესრულების საშუალება ჰქონდა, თუმცა ის ისეა ჩახერგილი, რომ მის გვერდით ფეხითმოსიარულეთათვისაც გვერდის აქცევა შეუძლებელია. ამ გარემოების მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს დასმულ კითხვაზე ეს პასუხი აქვთ:

"სახანძრო მანქანა მიდოდა, აღმოჩნდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, მაქანა მობრუნების დროს ჩაიხერგა და ვეღარ ახერხებდა მობრუნებას. გადმოვიდა მძღოლი და დატოვა ასე მანქანა იმიტომ, რომ მანქანის გამოძრავების საშუალებას აღარავინ აძლევდა".