პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველ სტუმრებს ერთ-ერთ სასტუმროში მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია არსებობს, პრეზიდენტი იქ შეხვედრის გამართვას არ აპირებს.

როგორც ლაშა ჟვანიამ განაცხადა, ათონელის რეზიდენციაში საპრეზიდენტო ფლიგელის ნაწილი ჯერ დასრულებული არ არის და მას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. ჟვანიას განმარტებით, ზურაბიშვილის ხვალ, 17 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში არ მივა, თუმცა ადმინისტრაციული ნაწილი დასრულებულია და პრეზიდენტს იქ მუშაობა შეუძლია.

"ადმინისტრაციული ნაწილი სრულად დასრულებული არის და იქ არის პირობები, რომ პრეზიდენტმა იმუშაოს, ისევე, როგორც ადმინისტრაციის ნაწილმა. მაგრამ ჯერ არის ტრანზიციის პერიოდი, როცა ძველი ადმინისტრაცია უნდა გადმოვიდეს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში. შეიძლება მე დამჭირდეს მისვლა, ვიღაცასთან შეხვედრა, აღწერა მთავრდება, რეკვიზიტები არის ჩასასაწყობებელი და გადმოსატანი".

სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას არ აპირებს. მმართველი გუნდის კი რეზიდენციას სამომავლოდ უმაღლესი დონის დელეგაციების მისაღებ ადგილად განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას 1 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ მმართველი გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ცერემონიისთვის 50-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა.

ცერემონიას პრეზიდენტებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დაესწრნენ.

ღონისძიებას ესწრებოდა ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ყოფილი ლედი, მაკა ჩიჩუა. ასევე, სტუმრებს შორის იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას არ დასწრებია. ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ.