თანასწორობის მოძრაობის განცხადებით, 14 დეკემბერს თბილისში, ხინკლის სახლში სამ ადამიანს ჰომოფობიური ნიშნით თავს დაესხნენ. დაზარალებულს შორის თანასწორობის მოძრაობის თანამშრომელი, ირა სილანტევაა.

როგორც მოძრაობა ინფორმაციას ავრცელებს, სილანტევა თავის ქალ მეგობართან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც გვერდითა მაგიდასთან მსხდომი ორი კაცი ეპატიჟებოდა, მათ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ:

"გვერდითა მაგიდიდან სექსუალური შევიწროება იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ჩვენი თანამშრომელი მივიდა მათთან და მოსთხოვა, რომ შევიწროება შეეწყვიტათ, პასუხად ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება მიიღო".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აღნიშნულ რესტორანში ორგანიზაციის თანამშრომელი ნაცნობს შეხვდა და მოიკითხეს ერთმანეთი.

ვიდეოში, რომელიც ინცინდენტის დროსაა ჩაწერილი, ჩანს, დანით როგორ ემუქრება ერთ-ერთი თავდამსხმელი დაზარალებულებს. ასევე, ხინკლის სახლის თანამშრომლები ცდილობდნენ დაზარალებულების გაყვანას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარას. მათივე თქმით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, რაიმე ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით არ იკვეთება:

"მომხდარი ინციდენტის დროს ცემას ან სხვაგვარ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. გამოძიება მიმდინარეობს".