ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.

1. NASA-მ მარსის ზედაპირის პირველი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

ფოტო: Big Think

აუდიოჩანაწერში ისმის, თუ როგორ ქრის ქარი რობოტ InSight-ის გარშემო, რომელიც მარსზე 26 ნოემბერს დაეშვა. მეცნიერების გამოთვლებით, აღნიშნული დაბალი სიხშირის ბგერები მარსის ზედაპირზე არსებული ქარით არის გამოწვეული, რომლის სიჩქარეც საათში დაახლოებით 20-25 კილომეტრია.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x40

2. ავსტრალიაში "ნამდვილ" პიკაჩუს მიაგნეს

ფოტო: Boronia Veterinary Clinic and Animal Hospital

მელბურნის სავეტერინარო კლინიკაში გამვლელებმა ყვითელი პოსუმი მიიყვანეს, რომელიც დედას სავარაუდოდ ზურგიდან ჩამოუვარდა და დაიკარგა. ალბათ თქვენც შეამჩნევდით, რომ ცხოველი ძალიან წააგავს ერთ-ერთ პოკემონს, კერძოდ კი პიკაჩუს, რის გამოც მას ამ პოკემონის სახელი შეარქვეს. ვეტერინარები ცხოველის ბუნებაში დაბრუნებას გეგმავენ.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x49

3. ჩინური კოსმოსური ხომალდი მთვარეზე კარტოფილს ჩაიტანს

ფოტო: NASA

7 დეკემბერს ჩინურმა კოსმოსურმა სააგენტომ მისია Chang'e 4 გაუშვა, რომელიც მთვარის ბნელ მხარეს არსებულ კრატერში, Von Kármán-ში უძრავ ხომალდსა და თვითმავალ რობოტს დასვამს. ხომალდს მთვარის ზედაპირზე ბიოლოგიური ექსპერიმენტის ჩასატარებლად 3-კილოიანი კონტეინერი მიაქვს, რომელშიც კარტოფილი და პატარა ყვავილოვნი მცენარე (არაბიდოპსისი) იქნება მოთავსებული.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x5g

4. კლიმატურმა ცვლილებებმა 250 მილიონი წლის წინ ოკეანეში სიცოცხლე თითქმის სრულად გაანადგურა

ფოტო: GETTY IMAGES/EYEEM

წყლის გათბობისას მასში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა იკლებს, რაც ცოცხალი ორგანიზმებისთვის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. სწორედ ეს მოხდა 250 მილიონი წლის წინ, როდესაც ცხალში მცხოვრები ორგანიზმების 95% გადაშენდა. მეცნიერების თქმით, დღეს კაცობრიობა იგივე საფრთხის წინაშე დგას.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x57

5. ვოიაჯერ 2-მა მზის სისტემა უკვე ოფიციალურად დატოვა

ფოტო: NASA

41-წლიანი მოგზაურობის შემდეგ, ვოიაჯერ 2-მა ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა. ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი მეორე ხომალდი, რომელმაც მზის სისტემა დატოვა. ვოიაჯერ 2-ის გარშემო ჰელიოსფეროსთვის დამახასიათებელი ნაწილაკების რაოდენობა უკვე რამდენიმე თვეა, რაც იკლებს, დეკემბერში კი ეს ტრენდი უფრო გაძლიერდა და შევიტყვეთ, რომ ხომალდმა მზის სისტემა დატოვა.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x60

6. ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება

ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცის ფასი დაახლოებით ხუთ წელიწადში რამდენიმე ასეული ათასიდან 11 დოლარამდე შემცირდა. ასეთი ხორცი გარემოს არ აბინძურებს და არც ცხოველების დახოცვას საჭიროებს, გემოვნური თვისებებით კი ის ტრადიციული ხორცისგან თითქმის არ განსხვავდება. ამის მიუხედავად, პასუხი კითხვაზე - ჩაანაცვლებს თუ არა ლაბორატორიაში გაზრდილი ხორცი, ტრადიციულ ხორცს, ჯერ კიდევ უცნობია.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x5x

7. წითურების საიდუმლო ამოხსნილია - დნმ-ის მასშტაბური კვლევის შედეგები

ფოტო: Getty Image

წითურები მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1-2 პროცენტს შეადგენენ. ამ დრომდე მიჩნეული იყო, რომ წითური თმა მხოლოდ ერთი რეცესიული გენის დამემკვიდრებით მიიღება. ახლახან ჩატარებულ კვლევაში კი მეცნიერებმა აქამდე უცნობი რვა გენი აღმოაჩინეს, რომლებიც წითური თმების გამოვლენაში დიდ როლს თამაშობენ.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/x8p

8. ფოტო: InSight-ის პირველი სელფი მარსიდან

ფოტო: NASA/JPL-Caltech

სამშაბათს აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ InSight-ის პირველი სელფი გამოაქვეყნა, რომელიც 11 სურათის შეერთებით არის მიღებული. ფოტოში ვხედავთ რობოტის მზის ელემენტებს, ამინდის სენსორსა და სხვა სამეცნიერო ინსტრუმენტებს. InSight მარსზე 26 ნოემბერს შვიდთვიანი მოგზაურობის შემდეგ დაეშვა.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xak

9. ნამარხი, რომელიც შეიძლება ადრეული ადამიანის კიდევ ერთ ახალ სახეობას მიეკუთვნებოდეს

ფოტო: Themba Hadebe/AP

1994 წელს სამხრეთ აფრიკაში ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგმა რონალდ კლარკმა განამარხებული ჩონჩხი აღმოაჩინა, რომელიც თავდაპირველად ავსტრალოპითეკად მიიჩნიეს. ახლახან გამოქვეყნებული კვლევები კი მიუთითებს, რომ ინდივიდი შეიძლება ადრეული ადამიანის ამ დრომდე უცნობ სახეობას მიეკუთვნებოდეს.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xap

10. Virgin Galactic-ის ხომალდი კოსმოსში პირველად გავიდა

ფოტო: Virgin Galactic

ხუთშაბათს კომპანიის ორბიტალურმა თვითმფრინავმა VSS Unity-მ მოჰავეს უდაბნოს თავზე ძრავი ჩართო და დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრის სიმაღლეზე არსებული ზღვარი გადაკვეთა, რომლის მიღმაც ოფიციალური განმარტებით კოსმოსი იწყება. კომპანიის მთავარი მიზანი კოსმოსური ტურიზმის განვითარებაა.

გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xaz