როგორც იქნა, კომპანია Virgin Galactic-მა, რომელიც კოსმოსური ტურიზმის სფეროთია დაინტერესებული კოსმოსში საკუთარი ხომალდი გაიყვანა.

ხუთშაბათს კომპანიის ორბიტალურმა თვითმფრინავმა, VSS Unity-მ მოჰავეს უდაბნოს თავზე ძრავი ჩართო და დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრის სიმაღლეზე არსებული ზღვარი გადაკვეთა, რომლის მიღმაც ოფიციალური განმარტებით კოსმოსი იწყება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Virgin Galactic-მა აღნიშნული ზღვარი გადაკვეთა.

კომპანია ამ მომენტს უკვე დიდი ხანია ელოდება. Virgin Galactic-მა ხომალდი VSS Unity პირველად 2016 წელს წარადგინა, მას შემდეგ კი კოსმოსურმა თვითმფრინავმა ნელ-ნელა პროგრესი განიცადა. პირველი საცდელი ფრენები ხომალდმა ძრავის გარეშე განახორციელა - ის სპეციალურ თვითმფრინავს ატმოსფეროს ზედა ფენებში აჰყავდა, საიდანაც ხომალდი დამოუკიდებლად ეშვებოდა. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ შემდეგ საცდელ ფრენებში კოპმანიამ ხომალდის ძრავის მცირე დროით ჩართვა დაიწყო, გუშინ კი კოსმოსურმა თვითმფრინავმა ქვეორბიტალური საზღვარი პირველად გადაკვეთა.

გუშინდელ დღემდე, ხომალდის მიერ მიღწეული მაქსიმალური სიმაღლე 54 კილომეტრი იყო, ხოლო გუშინ ხომალდი 82 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ბგერის სიჩქარეს თითქმის სამჯერ აღემატებოდა.

გუშინდელი ფრენისას ხომალდის ძრავი ჩართული მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში იყო. კომპანიის თქმით, კოსმოსურ თვითმფრინავს უფრო მაღალი სიმაღლეების დაპყრობაც შეუძლია.

ხანგრძლივი ტესტირება ხომალდ VSS Unity-ს სერტიფიცირებისთვის არის საჭირო, რათა მან კოსმოსში მგზავრების გაყვანა შეძლოს, სადაც ადამიანებს რამდენიმე წუთით უწონადობის შეგრძნების საკუთარ თავზე გამოცდა შეეძლებათ.

სხვა ხომალდებისგან განსხვავებით, VSS Unity კოსმოსამდე განსხვავებულ გზას გადის. სპეციალურ თვითმფრინავს, რომელსაც WhiteKnightTwo ჰქვია, ხომალდი 13 კილომეტრის სიმაღლეზე აჰყავს. აქედან VSS Unity თვითმფრინავს შორდება და ძრავს რთავს, რომელსაც ხომალდი კოსმოსში გაჰყავს. შემდეგ კი ხომალდი უკან დედამიწაზე ბრუნდება და დასაფრენ ზოლზე ჯდება.

კომპანიის თქმით, მათ ამ მოგზაურობის უკვე რამდენიმე ასეული ბილეთი გაყიდეს - თითოეული 250 000 ამერიკულ დოლარად. ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ეშტონ კაჩერი და ტომ ჰენქსი, აცხადებენ, რომ მათ VSS Unity-ზე ადგილები უკვე შეძენილი აქვთ. თუმცა, Virgin Galactic-ის მომხმარებლები ამ მოგზაურობას უკვე დიდი ხანია ელიან.

ფოტო: Virgin Galactic

თავდაპირველად, კომპანიის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი აცხადებდა, რომ კომპანია კოსმოსში 2009 წელს გავიდოდა. ეს ხომალდ VSS Enterprise-ით უნდა მომხდარიყო. ხომალდმა დაგეგმილ სიმაღლეებს ვერასროს მიაღწია და 2014 წელს ის საცდელი ფრენისას აფეთქდა, რასაც ხომალდის ერთ-ერთი პილოტი ემსხვერპლა.

გუშინდელი ფრენით კომპანიამ საკუთარი დაპირება ნაწილობრივ შეასრულა, თუმცა, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ განვმარტავთ ჩვენ კოსმოსს. მიუხედავად იმისა, რომ NASA და აშშ-ს საჰაერო ძალები კოსმოსსა და დედამიწას შორის ზღვარს 80 კილომეტრის სიმაღლეზე ავლებენ, ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის აერონავტიკის საერთაშორისო ფედერაცია (FAI), ამ ზღვარს 100 კილომეტრის სიმაღლეზე ავლებს.

ხოლო მათთვის, ვისთვისაც კოსმოსი ზღვის დონიდან 80 კილომეტრის სიმაღლეზე იწყება, გუშინ მნიშვნელოვანი თარიღი იყო. ეს 2011 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდსაც ადამიანი აშშ-დან კოსმოსში გავიდა. 2011 წელს ნასას კოსმოსური შატლის პროგრამის დასრულების შემდეგ, ნასას ასტრონავტები კოსმოსში გასასვლელად რუსულ Soyuz-ზე არიან დამოკიდებულნი.

VSS Unity-ს ორმა პილოტმა კი გუშინ კოსმოსის საზღვარი გადაკვეთა. თუმცა, ისინი ორბიტაზე ვერ გავიდნენ, რადგან VSS Unity არა ორბიტალური, არამედ ქვეორბიტალური ხომალდია.

გუშინდელი ფრენისას ხომალდის ბორტზე NASA-ს ოთხი ექსპერიმენტი იყო განთავსებული. Virgin Galactic-ის თქმით, ექსპერიმენტებმა ხომალდზე წონა ისე გადაანაწილა, როგორც ეს მგზავრებით ფრენისას მოხდება.

მომხმარებლების მიღებამდე კომპანია VSS Unity-ს კიდევ არაერთხელ გამოცდის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხომალდი ადამიანებისთვის უსაფრთხოა. ტესტირების ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კომპანია მგზავრებისთვის ქცევის პროტოკოლების შედგენასა და ინსტრუქციების შექმნას დაიწყებს.

ტესტირების ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ VSS Unity ნიუ-მექსიკოში არსებულ კოსმოდრომზე გადაინაცვლებს, საიდანაც უკვე კომერციული ფრენები განხორციელდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ეს, თუმცა, ამ ეტაპზე, ხომალდის ტესტირება გეგმის მიხედვით მიდის.