საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს ეწურება უფლებამოსილების ვადა და ამ უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღეებში, ის ცდილოს "კუდი მოიქნიოს". კობახიძის თქმით, ეს არ არის ღირსეული საქციელი.

ირაკლი კობახიძე მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც თქვა, რომართულ ოცნებაში "პორტირებული ნაციონალები" არიან.

"არ ვიცი, პორტირებულში რა იგულისხმება. თუ საუბარია ნაცმოძრაობასთან კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რა იგულისხმება ამაში, არ ვიცი, ანუ, რას გულისხმობს პრეზიდენტი", — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებასაც, სადაც გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრად ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე ისაუბრა.

"ვინ იქნება ქვეყნის პრემიერმინისტრი, ეს არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი. დღეს გამარჯვებულია ქართული ოცნება, მისი თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი და ამ პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა ის,თუ ვინ უნდა იყოს პრემიერმინისტრი", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა ყველაფერი გააკეთა მეორე ვადით პრეზიდენტის თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა.

"რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია არჩევნების მომენტისთვის. აქედან გამომდინარე, მას მოვუწოდებ, ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც აქვს მინიჭებული", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.