ევროსასამართლომ აგვისტოს ომზე რუსეთის მოქალაქეების ერთი საქმე ნაწილობრივ დაუშვებლად, ორი კი დაუშვებლად სცნო. საქმე ეხება ცხინვალის დაბომბვის ეპიზოდს. აპლიკანტების განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედროების ქმედებებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა და მათი ქონება განადგურდა ან დაზიანდა.

აპლიკანტებმა სარჩელი წარადგინეს მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-13 მუხლისა (ეფექტური მკურნალობის უფლება) და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის პრევენცია) საფუძველზე.

სასამართლომ საქმეები "კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ" და "ნანიევა საქართველოს წინააღმდეგ" "აშკარა დაუსაბუთებლობის" გამო დაუშვებლად სცნო, საქმეზე "ჯიოევა საქართველოს წინააღმდეგ" კი სასამართლო მოისმენს მხარეების პოზიციებს მთავარ შეკითხვაზე. ყველა გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს.

"მიუხედავად იმისა, რომ აპლიკანტებმა განიცადეს დიდი გასაჭირი, მათი მდგომარეობა არც იმდენად მძიმე იყო, რომ მათი უფლებები შელახულიყო (მუხლი #1 და მუხლი #2). ასევე, დადგინდა, რომ აპლიკანტმა ვერ წარმოადგინა მათი ქონების განადგურების ან დაზიანების პირველადი მტკიცებულება. ყველა აპლიკანტს კონფლიქტის დროს სხვა ქვეყანაში გადასვლა მოუხდა, რასაც სტრესი და დისკომფორტი უნდა გამოეწვია, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება მე-8 მუხლის დარღვევად (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება)", — ნათქვამია ევროსასამართლოს განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.