"ამ ადამიანების [საჯარო მოხელეების] მიმართ გამოდის რაღაცა სადამსჯელო ინკვიზიციური აქტი", — ასე შეაფასა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საჯარო მოხელის შესახებ კანონის ცვლილება. კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის შეურაცხყოფა, რომელიც თავში არავის მოსვლია:

"წლები რომ ემსახურება სახელმწიფოს და უცბად გეუბნებიან, იცი რა ჩვენი ინკვიზიციური მენტალობით თქვენ არ ხართ საქართველოს სამსახურში".

პრეზიდენტის განმარტებით, მისთვის რთულია ახსნას კანონპროექტის მოტივაცია, მაგრამ მას სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს.

"სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია და შესუსტება გახდა მოწოდება. ოღონდ საიდან მოდის ეს მოწოდება ვერც ერთ წიგნსა და სახელმძღვანელოში ვერ აღმოაჩენ... ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ ხელისუფლება მის ხელშია, ის არ არყევს იმას, რაც მის ხელშია. სრულიად გაუგებარია, არც ერთ პოლიტიკურ თეორიასთან კავშირში არ არის, არც ერთ საერთაშორისო პრაქტიკასთან კავშირში არ არის, რაციონალიზმთან კავშირში არ არის", — განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჯარო მოხელის შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც საქართველოს ახალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს გაათავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები და ახალი კადრები კონკურსის გარეშე დანიშნოს. ქართული ოცნების დეპუტატების, რატი იონათამაშვილისა და გურამ მაჭავარიანის საკანონმდებლო ინიციატივით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და მათზე პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი გარანტიები აღარ გავრცელდება.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურა სრულყოფილად ვერ პასუხობს საჯარო სამსახურის კანონის ლოგიკას. მათივე აზრით, ადმინისტრაციის თანამშრომლები პრეზიდენტს ხელს უწყობენ უფლებამოსილებების განხორციელებაში, ამიტომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით უნდა დასაქმდნენ.

დეტალურად კანონპროექტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ამავე თემაზე: