მზესთან მაქსიმალურად მიახლოებიდან უკვე რამდენიმე კვირა გავიდა და ხომალდმა Parker Solar Probe-მა მოპოვებული ინფორმაციის დედამიწაზე გამოგზავნა დაიწყო.

ოქტომბერსა და ნოემბერში ხომალდმა მზის გვირგვინში 12 დღე გაატარა. გვირგვინი მზის გარშემო არსებულ ატმოსფეროს ეწოდება, რომელიც თვით მზის ზედაპირზე უფრო ცხელია.

ეს არის პირველი სურათი, რომელიც მზის გვირგვინიდან არის გადაღებული.

ფოტო: NASA/Naval Research Laboratory/Parker Solar Probe

სურათი ხომალდის ფართო კუთხის კამერით (WISPR) მზის ზედაპირიდან 27 მილიონი კილომეტრის სიშორიდან არის გადაღებული. სურათზე აშკარად ჩანს ორი პლაზმური ფილამენტი. მოშორებით მყოფი მრგვალი კაშკაშა წერტილი კი მერკურია, შავი წერტილები ფოტოს დამუშავებისას წარმოქმნილი არტეფაქტებია.

აღნიშნული სურათი მეცნიერებმა ამერიკის გეოფიზიკური გაერთიანების კონფერენციაზე წარადგინეს, სადაც ისინი Parker Solar Probe-ისგან მიღებულ მონაცემებს განიხილავდნენ.

მონაცემების დედამიწაზე გამოგზავნა ხომალდმა 7 დეკემბერს დაიწყო, თუმცა, ინფორმაციის პირველი ნაწილის მიღება 2019 წლის აპრილამდე გაგრძელდება.

ხომალდი სულ რაღაც ოთხი თვეა, რაც გაეშვა, თუმცა მან უკვე საკმაოდ ბევრი რამ მოასწრო. 19 სექტემბერს ხომალდისგან პირველი სურათები მივიღეთ, რისი საშუალებითაც მეცნიერებმა შეამოწმეს, რომ ხომალდის ყველა კომპონენტი გამართულად მუშაობდა. ოქტომბერში კი ხომალდმა ორი რეკორდი დაამყარა, ის გახდა მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი ობიექტი და ყველაზე სწრაფი ხომალდი, რომელიც ადამიანს ოდესმე შეუქმნია.

Parker Solar Probe-ისთვის სისწრაფე მნიშვნელოვანია. საბოლოოდ ხომალდის სიჩქარე მზის ბრუნვის სიჩქარეს დაემთხვევა. ეს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ მზის ზედაპირზე ერთ კონკრეტულ რეგიონს ხანგრძლივი დროის განმავლობაში დააკვირდნენ.

Parker Solar Probe-ს მზის შესასწავლად ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია, მზის ატმოსფეროსა და ელექტრომაგნიტურ ველებზე დაკვირვებით ხომალდი შეეცდება, რომ მზის შესახებ არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს. ერთ-ერთი ასეთი პასუხგაუცემელი კითხვა მზის გვირგვინს ეხება. გაურკვეველი მიზეზების გამო, მზის გვირგვინი დაახლოებით 200-ჯერ უფრო ცხელია, ვიდრე მზის ზედაპირი.