საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში იურისტები ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლების დარღვევაზე საუბრობენ.

საქმე ეხება 2 მაისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ჯაფარიძე გირჩის სხვა წევრებთან ერთად პოლიციელების მიერ, ნარკოტიკის შესაძლო მოხმარების გამო მოქალაქის დაკავების პროცესს შეესწრო.

თავდაპირველად პარტიის წარმომადგენლები პოლიციელებს ბრალდებულის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. გირჩის წევრების ცნობით, მათ ფანჯრიდან დაინახეს, რომ პირი ძირს დააწვინეს და ამ ფორმით ცდილობდნენ დაეკავებინათ. მათივე ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გადაეყვანათ ის ნარკოტესტირებაზე.

მომდევნო დღეს შინაგან საქმეთა სამიტრომ გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამრღვევად სცნეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. მომჩივანი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. საია აცხადებს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის საქმე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განიხილეს.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლოებმა არ იმსჯელეს, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით შეფასდა მომჩივნის ქმედება შეურაცხყოფად და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად.

"სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის გამონათქვამები, რამდენად იყო დაცული გამოხატვის თავისუფლებით", — ნათქვამია საიას განცხადებაში.