TI-ის ინფორმაციით, გამოკითხულ პარტიათა უმრავლესობა საშუალო სკოლაში სექსუალური განათლების შესახებ საგნის შემოღების მომხრეა. გამოკითხული 7 პარტიიდან, იდეას მხოლოდ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო და მრეწველები არ ემხრობიან. ინფორმაცია ამის შესახებ TI-ის ახალი ვებსაიტის მეშვეობით გახდა ცნობილი.

რაც შეეხება იდეის მომხრეებს, ესენი არიან: ენმ, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, გირჩი და რესპუბლიკელები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ახალი ვებსაიტის, Chemikhma.ge-ს პრეზენტაცია დღეს გამართა. საიტზე შესული მომხმარებელი კითხვარს ავსებს, შემდეგ კი თავის პასუხებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ გაცემულ შესაბამის პასუხებს ადარებს, რომლებიც, თავის მხრივ, მათი საარჩევნო პროგრამების მიხედვითაა შევსებული.

კითხვები კატეგორიებად არის დაყოფილი, რომელშიც შედის სოციალურ-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, საშინაო, ჯანდაცვის, საგარეო პოლიტიკისა და განათლების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ TI-ის თხოვნის შესაბამისად, კითხვარი მხოლოდ 7-მა პარტიამ შეავსო. რაც შეეხება მოძრაობას პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, საქარველოს კონსერვატიული პარტიას, ლეიბორისტულ პარტიასა და პატრიოტთა ალიანსს, მათ კითხვარის შევსებისგან, სხვადასხვა მიზეზის გამო, თავი შეიკავეს.

კითხვარის შევსებაზე უარი ქართულმა ოცნებამაც თქვა.